“შეჩერდეს გამოსახლებები” – ამ ლოზუნგით თბილისში მარში მიმდინარეობს

25
spot_img

შეჩერდეს გამოსახლებები” – ამ ლოზუნგით თბილისში მარში მიმდინარეობს.

მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და მათი პრობლემები გააჟღერონ.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “ხმაური ჩაახშობს სუყველა მევახშეს”, “არ გამოვასახლებინო”, “ბანკირები გვწოვენ სისხლს, როგორც ვამპირები”, “ჩვენ მთავრობამ გვითხრა გუშინ – ვართ მევახშის სამსახურში”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოსახლებებზე მორატორიუმი დააწესოს.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაჩეროს ოჯახების საცხოვრისიდან გამოძევების პროცესი და დაიწყოს მუშაობა პრობლემის მოგვარებაზე.

“ჩვენ ვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, ანუ გამოსახლებების შეჩერებას კანონმდებლობის საფუძველზე. პარლამენტს ძალიან მარტივად შეუძლია ამის გაკეთება. იმისთვის, რომ ჩვენ და ქვეყანამ აიღოს დრო უფრო სისტემური რეფორმებისთვის და სანამ რეფორმები მიდის, ადამიანები არ გამოასახლონ. ჩვენ გვჭირდება რეფორმები ხელშეკრულების რეგულირების დონეზე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ბანკის ფუნქციების დონეზე რეფორმები. ასევე, ჩვენ გვჭირდება გამოსახლების შესახებ რეფორმები. ჩვენ ვნახეთ გამოსახლება, რომელიც აბსოლუტური ღირსების შემლახველი ფორმებით ხდებოდა. ამის სტანდარტები არსებობს და ჩვენ გვინდა, რომ პარლამენტმა ამაზე იმუშაოს, რათა უფრო სტაბილური, ღირსეული და თანასწორი პირობები შექმნას ადამიანების განვითარებისთვის”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვახუშტი მენაბდემ.

ამასთან, მარშს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული და გირაოთი გათავისუფლებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავაც შეუერთდნენ.