ყველაზე ძვირფასი ჩვენში არის ხატება ღვთისა, ის დიდი სიწმინდე, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო, რომელიც უნდა შევინახოთ, გავუფრთხილდეთ, გავაძლიეროთ და ღვთის მადლით უნდა გამობრწყინდეს მთელი ჩვენი ცხოვრების ღვაწლის შედეგად – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან 35-ე კვირას ქადაგებისას განაცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, ადამიანშიც უნდა დავინახოთ ხატება ღვთისა, ეს დიდი სიწმინდე და ვისწავლოთ მოკრძალებული და მოწიწებული დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენ გარშემოა.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
სულ მალე იწყება მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის და ამ პერიოდის წინ ყოველთვის იკითხება წმინდა სახარება იერიქონელი ბრმის შესახებ, რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ ტაძარში.
აქ მოთხრობილია, თუ რა მოხდა ქალაქ იერიქონის შესასვლელთან, კარიბჭესთან, როდესაც იქ უფალი იესო ქრისტე მიბრძანდა თავის მოწაფეებთან ერთად. ასეთ ადგილებში ყოველთვის იკრიბებოდნენ გაჭირვებულები, სნეულები და მოწყალებას ითხოვდნენ. და აი, ასეთ საწყალ ადამიანებს შორის იყო ერთი ბრმა, სახელად ბარტიმეოსი. მას უეცრად მოესმა, რომ ცნობილი ნაზარეველი მოძღვარი თავის მოწაფეებთან ერთად ქალაქის კარიბჭეს უახლოვდებოდა. რა თქმა უნდა, მას გაგონილი ჰქონდა იესო ქრისტეს შესახებ, რომ იგი არა მხოლოდ მოძღვრავდა ხალხს, არამედ სნეულებსაც კურნავდა და სასწაულებს ახდენდა. მან იფიქრა: „ვინ, თუ არა იგი, შეძლებს ჩემს შველას და თვალების ახელას“. ამიტომ ამ ხალხმრავლობიდან იგი ცდილობს, იესო ქრისტეს მიაწვდინოს ხმა და ყვირის: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!“ უფალი იესო ქრისტე მას მიუახლოვდა. ბრძანა, მასთან მიეყვანათ და ჰკითხა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო მე შენ?“ ბარტიმეოსმა მიუგო: „უფალო, რომ ამეხილოს თვალი“. ეს სიტყვები ისეთი დიდი რწმენით იყო ნათქვამი, იმდენად დარწმუნებული იყო ეს ბრმა, რომ მაცხოვარი მის თხოვნას შეასრულებს; უფალმა უთხრა: „აახილე, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“… და იმ წამსვე მას თვალები ეხილება. მაგრამ ფიზიკურ თვალებთან ერთად, მას ეხილება სულიერი თვალიც, იმიტომ რომ შემდეგ იგი ქრისტეს შეუდგა, გაჰყვა მას და ღმერთს ადიდებდა.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც მეტად თუ ნაკლებად ვგავართ ამ ბრმა ადამიანს, რადგან სიბრმავე არსებობს ფიზიკური და სიბრმავე არსებობს სულიერიც. ჩვენ მეტ-ნაკლებად გვახასიათებს ეს სულიერი სიბრმავე, იმიტომ რომ ხშირად ვერ ვხედავთ ამ ცხოვრების სულიერ სილამაზეს, აზრს, სიღრმეს, ან თუ რაიმეს ვხედავთ, ესეც არ არის საკმარისი. ამიტომ დღევანდელი სახარება გვაფიქრებს ჩვენს სულიერ სიბრმავეზე, გვაფიქრებს თვალის ახელაზე. ბევრ რამეზე უნდა ავახილოთ თვალი.
როგორც მოგახსენეთ, დიდი მარხვა ახლოვდება და ამიტომ წმინდა ეკლესია ამაზე გვაფიქრებს. პირველ რიგში, უნდა დავინახოთ ჩვენში ცოდვა, რომელიც გვაკნინებს, გვამცირებს და უღირსად გვაქცევს ადამიანის წოდებისთვისაც კი, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შეუძლებელს ხდის, საღვთო ბუნების თანაზიარი გავხდეთ წმინდა მოციქულების სწავლებისამებრ, რაც არის ჩვენი მოწოდება და დანიშნულება.
მაგრამ, ცოდვის გარდა, ჩვენს თავში უნდა დავინახოთ ღვთის ხატებაც, რომ მარტო ცოდვა არ არის ჩვენში. ყველაზე ძვირფასი ჩვენში არის ხატება ღვთისა, ის დიდი სიწმინდე, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო, რომელიც უნდა შევინახოთ, გავუფრთხილდეთ, გავაძლიეროთ და ღვთის მადლით უნდა გამობრწყინდეს მთელი ჩვენი ცხოვრების ღვაწლის შედეგად.
ასევე, ჩვენ ახლებურად უნდა დავინახოთ ადამიანიც, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ადვილად ვხედავთ მოყვასის ნაკლულოვანებებს და ადვილად განვიკითხავთ ერთმანეთს, გულს ვატკენთ ამით. ამიტომ ჩვენ ადამიანშიც უნდა დავინახოთ ხატება ღვთისა, ეს დიდი სიწმინდე და ვისწავლოთ მოკრძალებული და მოწიწებული დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ჩვენ გარშემოა.
ეს ბარტიმეოსი ისეთი შემართებით მიისწრაფოდა ქრისტესკენ, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ უფალი მის თხოვნას შეუსრულებს, რომ ალბათ ასე ფიქრობდა: „ან ახლა, ან არასდროს!“ – რომ ეს შემთხვევა აღარ განმეორდება, რომ ჩემთან ახლოს ჩამოიაროს იმან, ვისაც შეუძლია ყველაფრის მოცემა, თვით მხედველობისაც კი.
და აი, ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ ბრმისგან კიდევ იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენთვის არ არის აუცილებელი, მასავით ვიყვიროთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს აღარ განმეორდება, უფალი იესო ქრისტე ჩვენთან ახლოს აღარ ჩამოივლის. რატომ? იმიტომ, რომ უფალი ყოველთვის ჩვენთან არის, ყოველთვის ჩვენ შორის იმყოფება, ჩვენთან დადის და მეტიც, არა მხოლოდ ჩვენთან ახლოს არის, არამედ თვითონ გვეძახის, თვითონ მოგვიწოდებს და ჩვენზე მეტად სურს, ჩვენ თვალი აგვიხილოს, გადაგვარჩინოს. სწორედ ამისთვის მობრძანდა იგი ამ დედამიწაზე.
ამიტომ, როდესაც გავაცნობიერებთ ჩვენს სიბრმავეს, საკმარისია, ეს გავაცნობიეროთ, საკმარისია, ჩვენში გაიღვიძოს ამ განცდამ, რომ ასეთ სიბრმავეში მეტი ცხოვრება არ შეიძლება, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმ წუთშივე, იმ წამსვე, ნებისმიერ დროს მივმართოთ უფალს, იმიტომ რომ, ვიმეორებ, ის ყოველთვის ჩვენთან ახლოს არის და ვთხოვოთ მას შეწყალება, მოვინანიოთ ცოდვები და ვთხოვოთ, სულიერი ხედვა მოგვცეს იმისთვის, რომ დავინახოთ ქრისტიანული ცხოვრების ნამდვილი სილამაზე, მშვენიერება, სიღრმე, აზრი და რომ ჩვენს გულში მივიღოთ ის სიხარული, რომელიც, ამ ხედვასთან ერთად, სულში შემოდის და ჩვენ გვაცხონებს, ამინ
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჩვენ ვლოცავთ იაძეების გვარს, ღმერთმა გამრავლოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ“, – განაცხადა მან.