“შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, ქართული პროდუქციის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი დაფიქსირდა”

99
spot_img

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა – China International Import Expo (CIIE) გაიხსნა, რომელშიც 40-მდე ქართული კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით მონაწილეობს. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო კომპანიებთან მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ.

„ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში 40-მდე კომპანიით, 15 სხვადასხვა კატეგორიაში ვმონაწილეობთ. აღსანიშნავია რომ, მოლაპარაკებების შედეგად, წლევანდელ ექსპოზე გამოფენის სივრცე გავზარდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, კიდევ უფრო მეტი ქართველი ექსპორტიორი წარადგენს საკუთარ პროდუქციას ამ ღონისძიებაზე.

ჩვენ ყოველწლიურად, გამოფენების შემდეგ ვაჯამებთ, თუ რა შედეგი აქვს კონკრეტულ გამოფენას კონკრეტული ექსპორტიორებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ შანხაის ექსპო ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია. იცით, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა და უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩინეთთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ.

ამ დღეების განმავლობაში, ქართული პროდუქციის მიმართ, ჩინელი იმპორტიორების მხრიდან უპრეცედენტო ინტერესი დაფიქსირდა. ჩვენი სააგენტოს მხარდაჭერით ქართველი ექსპორტიორები ჩინელ იმპორტიორებთან შეხვედრებს მართავენ და ვიმედოვნებთ, ეს შედეგზეც აისახება – ქართველი ექსპორტიორები მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებენ და გაყიდვებს გაზრდიან,“ – განაცხადა “აწარმოე საქართველოში” დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, CIIE 2023-ზე 40-მდე ქართული კომპანია ორ მასშტაბურ პავილიონშია წარმოდგენილი – საკვებისა და სასმელის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებში. აქ გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, ასევე ტანსაცმელი დახვდებათ.

„ქართული ბიზნესის პავილიონების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს გამოფენის დამთვალიერებლები კიდევ ერთ პავილიონში გაეცნობიან. ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდი, მათ შორის: სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს რკინიგზა.

შანხაიში საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობს, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან – ირაკლი ნადარეიშვილთან და გენადი არველაძესთან, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიასთან და ერთად, ქართული პავილიონები დაათვალიერა და მეწარმეებს გაესაუბრა.

CIIE 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა წელს სავარაუდოდ, 500 000-ს მიაღწევს. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.