“საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა, აგრესიული იყო, შემდეგ ტერიტორიიდან განარიდეს”

43
spot_img

საზოგადოებამ იხილა, ალეკო ელისაშვილი როგორ ახტებოდა პოლიციის კორდონს, მომაწექითო, ყვიროდა და აგრესიული იყო. შემდეგ ის ტერიტორიიდან განარიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ასეთი საქციელი სწორი არ არის.

„დეპუტატისგან სწორია ასეთი საქციელი, რომლის მოწოდებასაც შეიძლება, ისეთი სახის დაპირისპირება მოჰყვეს, რაც საქართველოს თანამედროვე ისტორიას ძალიან ძვირად დაუჯდება? ალეკო ელისაშვილი როგორ გამოიყურება, როგორც პოლიტიკოსი, მოქალაქე, როცა იგინება და ჯიბიდან გავარდნილი ხულიგანივით იქცევა? რაც შეეხება ძალადობას, გადაჭარბებული ძალის გამოყენება არავის მიმართ არ შეიძლება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სცემეს. ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყეს და ელისაშვილი უწყებაში გამოსაკითხად არის დაბარებული.