აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

33
spot_img

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

ახალი შემზღუდავი ზომები თეირანის დრონების წარმოებას შეეხო. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 16 ფიზიკურ და ორ იურიდიულ პირს, რომლებიც ირანის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფდნენ.

უწყების ცნობით, ასევე სხვადასხვა იურისდიქციაში გამოავლინეს ხუთი კომპანია, რომლებიც ირანის ფოლადის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას მასალებს აწვდიან ან მისგან პროდუქტს ყიდულობენ.

გარდა ამისა, სანქციების სამიზნეში მოექცა ირანის ავტომწარმოებელი კომპანიის, Bahman Group-ის სამი შვილობილი კომპანია, რომლებიც, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ. დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკული მხარის გადაწყვეტილების პარალელურად, რამდენიმე ირანული სამხედრო ორგანიზაციის, ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა დიდმა ბრიტანეთმაც.

13 აპრილის ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. მათი ძირითადი ნაწილი ისრაელმა აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის დახმარებით ჩამოაგდო. თეირანის განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე დარტყმაზე, რასაც ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.