“საზოგადოება დღეს თქვენგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ელოდება” – დავით კირკიტაძე სალომე ზურაბიშვილს

14
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმი, რომ საქართველოში კიდევ არსებობდა მაღალი ლეგიტიმაციით, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც მართლა ზრუნავდა ეროვნულ ერთობაზე.

კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა და ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, რამდენიმე დღის წინ გამოდიოდით ამ ტრიბუნიდან და საუბრობდით ევროპულ ღირებულებებზე, ჰუმანიზმზე, ცივილიზებულ სამყაროზე, საუბრობდით ერთობაზე, ჩვენს ეროვნულ ამოცანებზე და ბევრ ისეთ რამეზე, რაც სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. თქვენი გამოსვლის შემდეგ ობიექტურად დიდი ნაწილი, მიუხედავად იმისა, ვისი მომხრე იყო ის, ადამიანი, საქართველოს მოქალაქე განიმსჭვალა იმედით და მათ შორის ჩვენშიც, პოლიტიკურ ოპოზიციაშიც გაჩნდა გარკვეული ოპტიმიზმი, ფრთხილი ოპტიმიზმი იმისა, რომ საქართველოში კიდევ არსებობდა ლეგიტიმურად არჩეული, მაღალი ლეგიტიმაციით ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ინსტიტუციის წარმომადგენელი, რომელიც მართლა, ზრუნავდა ეროვნულ ერთობაზე და იმ ღირებულებებზე, რომელიც თქვენ გააჟღერეთ მაღალი ტრიბუნიდან, მაგრამ ამისთვის საუბარი არ არის საკმარისი, ამისთვის გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც ელოდება საზოგადოება თქვენი მხრიდან. ეს კონკრეტული ნაბიჯი დღეს იქნება ერთადერთი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამის შესახებ თქვენ გითხრეს არაერთხელ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ განსხვავებით იმ ვიწრო ჯგუფისგან, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზეა ხელის მომწერი, იმ ადამიანების გარდა, რომლებიც სხედან ახლა ჩემ ზურგს უკან და ვერ იკავებენ საკუთარ თავსა და ემოციებს, საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის უმრავლესობა მოგიწოდებთ თქვენ ამას – არ მოაწეროთ ხელი იმას, რასაც ხელს აწერენ ტირანიის ჩამომყალიბებლები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, უფრო კონკრეტულად  – რუსეთში. თქვენ გაქვთ საშუალება, გადადგათ ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში დაამკვიდრებთ იმას, რაზეც საუბრობდით, ეს არის სიმშვიდე, ეროვნული თანხმობა გარკვეულ საკითხებზე“, – განაცხადა კირკიტაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აცნობიერებს, რომ დღეს საჭიროა ეროვნული თანხმობა და ერთიანი სულისკვეთება იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც უდგას ქვეყანას.

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა დღეს ეროვნული თანხმობა და ერთიანი სულისკვეთება იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც უდგას დღეს ქვეყანას, ამიტომ კიდევ ერთხელ, აქედან მოგიწოდებთ, მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. მე არ ვარ ცუდი შეხედულების იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თქვენ მხარი დაგიჭირათ თავის დროზე, დაუმადლებელმა ხმებმა და არა იმათ, ვინც მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ დაგიმატათ, ის ადამიანებიც, დარწმუნებული ვარ, მოგიწონებენ ამ ნაბიჯს, ისევე, როგორც მოგიწონებთ მთლიანად ქართული საზოგადოება და საქართველოს ისტორია თქვენს ამ ნაბიჯს შეაფასებს სათანადოდ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაფიქრდით ამაზე და მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.