სავაჭრო ცენტრები და სასწავლო დაწესებულებები დაიხურება – რა ხდება უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში

21
spot_img

უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რაიონში, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა რუსული პარტიზანული დაჯგუფებები აქტიურ საომარ მოქმედებებს აწარმოებენ, სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და სავაჭრო ცენტრები დაიხურება. გადაწყვეტილება გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა მიიღო. მისი ცნობით, დაწესებულებები ორშაბათს და სამშაბათს “არსებული ვითარების” გამო არ იმუშავებს, მათ შორის, სწავლება არც დისტანციურად იქნება.

შეზღუდვები ეხება უკრაინის მოსაზღვრე რაიონებს – ბელგოროდის, ბორისოვის, ვოლოკონოვსკის, კრასნოიარუჟსკის ოლქებს, გრეივორონსკის, ვალუისკის, შებეკინსკის და იაკოვლევსკის ურბანულ ოლქებს, ასევე ქალაქ ბელგოროდს.

ხუთშაბათიდან მოყოლებული, დაბომბვების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 33 დაშავდა.

ბელგოროდის რაიონში რეგულარულად ისმის სარაკეტო თავდასხმის ხმა და განგაშის სიგნალი. სავაჭრო ცენტრები, კოლეჯები და სკოლები მიმდინარე კვირაშიც დაკეტილი იყო, მაგრამ სწავლა დისტანციურად გრძელდებოდა.