სასამართლომ  დონალდ ტრამპს 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

46
spot_img

ნიუ იორკის სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის რეპუტაციის შელახვის ბრალდების საქმეზე 83.3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნული თანხიდან 18.3 მილიონი ზარალის კომპენსაციაა მწერალ ჯინ კეროლისთვის, 65 მილიონი კი – ჯარიმა.

მწერლის რეპუტაციის შელახვაში ტრამპი ბრალდებულად 2023 წლის სექტემბერში ცნეს. მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლისთვის რეპუტაციის შელახვის გამო ზიანის ანაზღაურების დასადგენად სხდომა ნიუ იორკის სასამართლოში დღეს გაიმართა.

მწერალმა ელიზაბეთ ჯინ კეროლმა დონალდ ტრამპი 1996 წელს მანჰეტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში მასზე სექსუალურად ძალადობაში დაადანაშაულა. კეროლმა პირველად სექსუალური ძალადობის შესახებ New York Magazine-ის სტატიაში 2019 წელს განაცხადა, თუმცა დონალდ ტრამპმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მწერალმა ეს ამბავი თავისი წიგნის გასაყიდად მოიგონა.

ამის შემდეგ ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სარჩელიც შეიტანა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა შელახა მისი რეპუტაცია და მიაყენა ემოციური ზიანი.

შარშანვე სასამართლო კოლეგიამ დონალდ ტრამპი ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო, თუმცა გაუპატიურების ბრალდება არ გაიზიარა და ექსპრეზიდენტს ოთხი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.