“სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია აჩვენებს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანიც პოლიტიკურია”

41
spot_img

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზული ქცევაა, როდესაც პარტიები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებების საფუძველზე ნიშნავენ დღის წესრიგს.

მისივე თქმით, პარტიებმა თავიანთი დღის წესრიგი თავად უნდა განსაზღვრონ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, პარტიამ, რომელიც საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს, საკუთარი პრიორიტეტები დაალაგა და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება. სწორედ ის არის არასერიოზული ქცევა, როდესაც პარტიები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების განცხადებების საფუძველზე ნიშნავენ დღის წესრიგს და კენჭისყრებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში, მათი პოლონეთში წასვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო. ძალიანაც კარგი, მათ პარტიული დღის წესრიგი თავად უნდა განსაზღვრონ და არა ისე, რომ სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებზე დაყრდნობით იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

„ვერ ვხედავ მიზანშეწონილობას, რა არის გამოსაძიებელი, როდესაც ერთადერთი სიახლე, რაც გავიგეთ, არის ის, რომ საჯარო წყაროებშია ეს ყველაფერი. დასხდნენ, დაგუგლონ, წაიკითხონ და გამოიტანონ დასკვნები. ვერ ვხვდები, ახლა ამას რა გამოძიება სჭირდება. პიროვნულად მოსამართლეების მიზანში ამოღება, პიროვნული თავდასხმა მოსამართლეებზე, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, მათ შორის აჟიოტაჟი, რომელიც იყო ატეხილი და დღემდე ასეა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საგამოძიებო კომისიის მიზანიც პოლიტიკურია. კერძოდ, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, ამ მხრივ პარლამენტისთვის რთულია, სახელმწიფოს სხვა შტოს დისკრედიტაციაში იყოს ჩართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.