“სარჩელი მოვამზადეთ, მთავრობას რიკოთზე ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ” – ლაშა ფარულავა

60
spot_img

სარჩელი მოვამზადეთ, მთავრობას პასუხი უნდა მოვთხოვოთ რიკოთზე ჩადენილ დანაშაულებზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ რიკოთზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოითხოვენ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ.

„საქართველოს მთავრობის კორუფციული ინტერესებით შერჩეულმა ჩინურმა კომპანიებმა ადგილობრივებს საცხოვრებელი დაუნგრიეს. მათი სახლების ქვეშ გაიყვანეს გვირაბები, ნგრევის საფრთხეა. დღეს აქ შეკრებილი ადამიანები მოითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ კორუფციასა და გულგრილობაზე.

საქართველოს მთავრობას, ირაკლი ქარსელაძეს და ჩინურ კომპანიას უნდა მოვთხოვოთ პასუხი ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე ჩაიდინეს. ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი.

ვითხოვთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვამზადეთ საჩივარი და მოვაწერთ ხელს ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვისაც კონკრეტული საფრთხე აქვს. ამას სჭირდება დროული რეაგირება ხელისუფლებისგან. ყველა კარგად უნდა ხედავდეს, რა საფრთხის შემცველია ის სამუშაოები, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს. გენერალურ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მივმართავთ, თუმცა იმედი არ გვაქვს, რომ ისინი რამეს გამოიძიებენ”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.