“ადამიანები ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა” – ბექა ოდიშარია

146
spot_img

ოჯახის ახლობლები თავად აღწერდნენ თუ რა მოხდა შოვში, სტიქიის დროს – ადამიანები პრაქტიკულად ალყაში იყვნენ და ვერანაირი სამაშველო ოპერაცია, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ვერ იხსნიდა, – ეს განცხადება პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.

ოდიშარიას აზრით, იმაზე საუბარი, რომ სტიქიის ადგილზე საკმარისი სამაშველო სპეცტექნიკა და ცოცხალი ძალა არ არსებობდა, დეზინფორმაციისა და ფეიკ კამპანიის ნაწილს წარმოადგენდა.

მისივე შეფასებით, შოვში „ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტი ძალისხმევა იყო გაწეული”.

„თითქოს მეზობელი ქვეყნებიდან დახმარების მიღება იყო საჭირო და ჩვენ განზრახ უარი ვთქვით, რაც საჭირო ნამდვილად არ იყო. საზოგადოება ხედავდა, რომ მაშველები ფუტკრებივით მუშაობდნენ და ხეობაში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის მობილიზების გამო, მგონი, ადგილიც აღარ იყო დარჩენილი.

ჩვენ ნამდვილად არ გვეთაკილება, არაერთი მეზობლისთვის ანალოგიური დახმარება გაგვიწევია და საჭირო რომ ყოფილიყო ამ დახმარებას თავისუფალი სინდისით ვთხოვდით”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.