” მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს”- იენს სტოლტენბერგი

102
spot_img

ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერის“ ჯარის ბელარუსში გადასვლა უფრო დიდ რეგიონულ არასტაბილურობას გამოიწვევს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, ნატო-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ „ვაგნერისა“ და მისი მმართველის, ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში გადაადგილება დიდ პრობლემებს გამოიწვევს.

„„ვაგნერი“ თავის სერიულ მკვლელებს ბელარუსში თუ განათავსებს​, ყველა მეზობელ ქვეყანას ემუქრება არასტაბილურობის კიდევ უფრო დიდი საფრთხე“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ჰააგაში სტოლტენბერგსა და ნატო-ს სხვა ექვსი მოკავშირის მთავრობის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ნატო-სგან საჭიროა ძალიან მკაცრი პასუხი.

„ეს მართლაც სერიოზული და ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებები. ეს მოითხოვს ნატო-სგან ძალიან, ძალიან მკაცრ პასუხს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ „ვაგნერის“ ძალების მიერ წარმოქმნილი საფრთხე დღის წესრიგში დადგება ნატო-ს 31-ვე წევრის მიერ სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რას შეიძლება, ნიშნავდეს „ვაგნერის“ ბელარუსში გადაადგილება ნატო-ს მოკავშირეებისთვის და ხაზი გაუსვა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებულ დაცვას ბოლო წლებში. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მზადაა, დაიცვას თავი ნებისმიერი საფრთხისგან.

„ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ ნატო არის იქ, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნითა და მეტი შესაძლებლობებით მომავალ სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ამბოხებამ აჩვენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის „უკანონო ომმა“ რუსეთში განხეთქილება გააღრმავა.

„ამავდროულად, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. ასე რომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.