“საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში ვხედავთ” – საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრი

18
spot_img

საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ბევრ სხვადასხვა სფეროში ვხედავთ, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა თბილისში გამართულ საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა საქართველოს მასპინძლობისთვის და ბიზნეს ფორუმის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ორივე ჩვენს დიდებულ სახელმწიფოს 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები მივულოცო. ჩვენმა ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მალევე დაიწყეს და 30-წლიანი შესანიშნავი მეგობრობა გვაკავშირებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები, განსაკუთრებით კი ხალხებს შორის ურთიერთობები გავაძლიერეთ. ასევე, მინდა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მივულოცო“, – განაცხადა საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ალ-ფალიჰმა.

საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა გაიხსენა, რომ 2022 წლის დეკემბერში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს World Expo 2030-ის რიადში ჩატარებას დაუჭირა მხარი. ხალიდ ალ-ფალიჰმა აღნიშნა, რომ რამდენიმე თვის წინ საუდის არაბეთმა World Expo 2030-ის ჩატარების უფლება დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა.

„გასულ თვეში საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ და საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ. დღეს 20 ან უფრო ნაკლები სახელმწიფოა, რომლებთანაც საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭო ფუნქციონირებს. საქართველო სამეფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ეს საბჭო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას გააფართოებს. ასევე, გასული წლის ოქტომბერში ბიზნეს საბჭო შეიქმნა, რომელიც გუშინ ღამით პირველად შეიკრიბა, რასაც საბჭოს წევრებს ვულოცავ“, – აღნიშნა ხალიდ ალ-ფალიჰმა.

ხალიდ ალ-ფალიჰის განცხადებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური მონაცემები აქვს და დასაფასებელია ის, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გააკეთა.

„შესაძლებლობებს ბევრ სფეროში ვხედავთ, მათ შორის ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურული გაცვლის სფეროებში. რაც შეეხება ტრანსპორტს, ჩვენ გვსურს აზია და ევროპა დავაკავშიროთ. ჩვენ შემთხვევაში გვსურს, რომ აფრიკაც ჩავრთოთ. ამ სფეროს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. სამეფოს ეკონომიკური გლობალური კავშირების გაფართოება სურს. საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიცია აქვს. განსაკუთრებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ახლა მნიშვნელოვნად ვითარდება. ტურიზმისა და კულტურის მხრივ, თქვენ მიერ სავიზო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ადამიანებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუდის არაბეთიდან საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოდის. ჩვენმა ავიახაზებმა თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა გაზარდა. განახლებადი ენერგიის, მწვანე ენერგიის სფეროში თქვენი წარმატებით მოხარულები ვართ. ჩვენ ბევრი კომპანია გვყავს, რომლებსაც ამ სფეროებში ინვესტიციები სურთ. ეს ყველაფერი ჩვენი ამბიციებისა და თანამშრომლობის დემონსტრირებას ახდენს“, – განაცხადა ხალიდ ალ-ფალიჰმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სტუმრებს ფორუმზე დასწრებისთვის და მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიცი, რომ აღნიშნული ბიზნეს ფორუმის მიმართ დიდი ინტერესი იყო. საუდის არაბეთიდან ბევრი ბიზნეს კომპანიაა წარმოდგენილიყო და მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთად ხართ. საუდის არაბეთი სპარსეთის ყურესა და უფრო ფართო არაბულ სამყაროში ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკას წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში ინვესტიციებს მნიშვნელოვანი როლი აქვს. უკანასკნელ წლებში ჩვენ საუდის არაბეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მაღალი დონე შევინარჩუნეთ და ჩვენ მზად ვართ, რომ ინვესტიციების შემდგომ ზრდას ხელი შევუწყოთ. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას. გასულ წელს პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთს ეწვია. დღეს მისი უდიდებულესობაა საქართველოში, რაც ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას უწყობს ხელს. დღევანდელი ბიზნეს ფორუმიც ჩვენი წარმატებული ურთიერთობების კიდევ ერთი მაგალითია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენა ჰქონდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2022 და 2023 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით გამოიხატა.

„მოუთმენლად ველით ტურიზმის, მწვანე ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას. ბიზნეს ფორუმი დიალოგის მეშვეობით პარტნიორობის გაძლიერებას და ახალი ინოვაციური პროექტების შექმნას ისახავს მიზნად. ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართ საქართველოს ერთგულება საუდის არაბეთის მომავლის მისიას შეესაბამება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.