“საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, ოქტომბერი მოდის და ქვეყანა დგას სისხლიანი შეიარაღებული ამბოხების პირისპირ” – დავით ზარდიაშვილი

811
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავი ზარდიაშვილი

სუს-ის განცხადება მართლაც უაღრესად შემაშფოთებელი და ნამდვილად საგანგაშოა. ეს რომ საქართველოს სახელმწიფოს “წინასწარგამოცხადებული მკვლელობის ქრონიკად” არ იქცეს, ერიც და სახელმწიფოც უნდა მოიქცეს ამ საგანგაშო ვითარების შესაბამისად, რომ საბედისწერო განსაცდელს როგორმე გადაურჩეთ. ჩემი აზრით, არის ორი გარემოება, რასაც განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება:

1. ფრჩხილები უნდა გაიხსნას და სუს-ის განცხადებაში მოხსენიებული ერთ-ერთი “საკვანძოდ’ მიმანიშნებელი ფრაზა – შეთქმულება იგეგმება”უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით” – ბოლომდე გაიშიფროს: ე.ი. ეს მტრული ქვეყნები, ვინც არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს სახელმწიფოს მკვლელობას ამზადებს, ღიად უნდა დასახელდეს.

2. კრიტიკულ სიტუაციაში ადეკვატურად უნდა შეფასდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების აქტის გამოცემის რეალური შესაძლებლობა. ჩემი აზრით, ეს შესაძლებლობა აუცილებლად იქნება გამოყენებული, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საერთო სოციალურ-პოლიტიკური მღელვარების ფონზე მასობრივი არეულობის გამომწვევი საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი.

ეს ორივე გარემოება უაღრესად მნიშვნელოვანია. დამაფიქრებელია, რომ მტრული უცხო სახელმწიფოების ღიად დასახელებას, რომლებიც სუს-ის განცხადებაში აღწერილი საგანგაშო მდგომარეობის კოორდინატორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან, ოფიციალურად სუსიცა და სხვა, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურაც ცეცხლივით ერიდება და ხმამაღლა ვერ ბედავს. ამას გამართლება არა აქვს, რადგან არგუმენტი, ვაითუ ღიად დასახელებისას უარესად არ გავართულოთ მდგომარეობაო, უკვე შექმნილი საგანგაშო ვითარებისას სწორედ რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ, კონტრპროდუქტიულად მუშაობს. მოდის დრო, როცა არავინ და აღარაფერია მოსარიდებელი!

ასევე დამაფიქრებელია, რომ ვრცელდება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებული საშიში დეზინფორმაცია, თითქოს მისი შეწყალების შედეგად სახელმწიფოს აღარ ექნება რაიმე კანონიერი საფუძველი იგი პატიმრობაში დატოვოს, რადგან, თურმე პრეზიდენტის შეწყალების აქტის გამოცემისთანავე მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას დამატებით ორი ბრალი წარდგენილი აქვს და ეს ორივე საქმე სასამართლოში განიხილება. ამ საშიში დეზინფორმაციის გამავრცელებლები, ცხადია, შეთქმულების ბანაკია, რომლებიც ქმნიან ყოვლად უსაფუძვლო და ანტი-სამართლებრივ წინასწარ აღქმებს, რომ წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით შეწყალებული სააკაშვილის აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე იგი თავისუფალი, ანუ საკუთარი ნებითვე უნდა წარსდგეს. რაც, რასაკვირველია, იურიდიული ნონსენსი და წინასწარგანზრახული ბოროტი სიცრუეა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივად ბრალდებული სააკაშვილის შეწყალება მის გათავისუფლებას ავტომატურად არ განაპირობებს, ვიდრე იგი, როგორც დაკავებული ბრალდებული ბადრაგით სასამართლოს არ წარედგინება და სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შესახებ, იგი ვერ და არ გათავისუფლდება!

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: სუს-ის საგანგაშო განცხადებაში მკაფიოდ მითითებულია კანდიდატის სტატუსის საკითხი, როგორც კრიტიკულად მადესტაბილიზებელი ძირითადი ფონი. მაგრამ ამ ფონზე გადამწყვეტია ორივე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – საგარეოცა და საშინაოც. კარგად უნდა გვესმოდეს: გადამწყვეტი საგარეო ფაქტორია “უცხო ქვეყნების კოორდინაცია და ფინანსური მხარდაჭერა”; ხოლო საშინაო კი – სააკაშვილის შეწყალება მოღალატე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ, რაც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შემდგომ, ჩემი აზრით, უკვე გარდაუვლად გამოიყურება. უკან დასახევი გზები შეთქმულებს უკვე არა აქვთ და საკითხი დგას ასე: “ვინ ვის”.

დიახ! საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა: ოქტომბერი მოდის და ქვეყანა დგას სისხლიანი შეიარაღებული ამბოხების პირისპირ. დანდობის დრო იწურება: ან ისინი ჩვენ, ან ჩვენ მათ!