საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

33
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც შეეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობას, თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ასევე, გვქონდა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-13 სხდომა, სადაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხება ვაჭრობას, ეკონომიკას და ზოგადად, ურთიერთობებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ვითარდება, სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს მიაღწია. სომხეთი არის რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, ასევე რიგით მეორე საექსპორტო ქვეყანა, რაც ძალიან მისასალმებელია ჩვენთვის. გასულ წელს სომხეთიდან, თითქმის, მილიონი ტურისტი, ვიზიტორი გვესტუმრა, რაც ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ, რომ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს კარგი პარტნიორობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. დე-ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე ეს მოცემულობა გაფორმდა და ოფიციალურად მოვაწერეთ ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მადლიერები ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე მთავრობა მზად ვართ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო -ეკონომიკური ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.