საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა

23
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის სომხეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში იმყოფება. 2023 წლის მონაცემების თანახმად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურად, მე-6 ადგილზეა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის.

სხდომაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად და მზად არის, ამ მიმართულებით ჩართულობა მომავალშიც გააგრძელოს.

სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

ასევე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომის ოქმს.

გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მხარეებმა ხელი მოაწერეს ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს; ასევე – შეთანხმებას ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ. დოკუმენტებს ხელი სომხეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოაწერეს.