საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, იაპონური მხარის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების შედეგების იაპონელი პარტნიორებისთვის გაცნობა და ქართველი სტარტაპების იაპონურ ბაზარზე ინტერნაციონალიზაცია გახლდათ.
ავთანდილ კასრაძემ შეხვედრები გამართა ტექნოლოგიურ და ბიზნეს სფეროში საქართველოს მხარდამჭერ და იაპონიაში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში მნიშვნელოვანი პროცესების ლიდერი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან და ორგანიზაციებთან: იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატთან და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან იჩირო აისავასთან/Ichiro Aisawa; იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატთან, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთან და დიჯიტალიზაციის ყოფილ მინისტრთან ქერენ მაკიშიმასთან/Karen Makishima, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატთან მასააკი ტაირასთან/Massaki Taira.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Tsucrea Co.-ს შორის, რაც ითვალისწინებს ქართველი ტექნოლოგიური კომპანიების იაპონიის ბაზარზე დაშვების გამარტივებას. დელეგაციაში იმყოფებოდა ოთხი ქართული სტარტაპი: Pulsar AI, BioChimPharm, Neuropilot და Biterium AI, რომლებმაც შეხვედრები გამართეს მათ პოტენციურ პარტნიორებთან.
შედგა სტარტაპების წარდგენა (ე.წ. Pitching session) დაინტერესებულ მხარეებთან საქართველო-იაპონიის კომერციისა და ინდუსტრიის პალატაში, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოში ყოფილი ელჩი ტედ უეჰარა/Tadaharu Uehara.
შეხვედრები გაიმართა იაპონიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ვიცე პრეზიდენტთან შიგეო მორიმოტოსთან/Shigeo Morimoto და იაპონიის მეცნიერების და გამოგონებების მუზეუმის (Miraican) აღმასრულებელ დირექტორთან იტო იოჩისთნ/Ito Yoivhi, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული R&D კომერციალიზაციისა და ქართული ტექნოპარკების იაპონური ტექნოლოგიებით აღჭურვის შესაძლებლობებს.
ავთანდილ კასრაძის იაპონიის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა „საქართველოს ინოვაციების დღე“ იაპონიაში საქართველოს საელჩოს, GITA-სა და JETRO – საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციასთან პარტნიორობით. იაპონურ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სფეროში არსებული პროცესების და სამომავლო გეგმების შესახებ და განისაზღვრა ახალი თანამშრომლობის მიმართულებები.
მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ასევე:
• იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის „JETRO“ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ნობუტა კამაეკავასთან/Nobuta Kamikawa;
• იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან მასაიუკი ჰიროსავასთან/Hirosawa Masayuki;
• იაპონიის ციფრულ საქმეთა სააგენტოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით ვიცე პრეზიდენტთან ტაკაში ასანუმასთან/Takashi Asanuma;
• იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტროს სავაჭრო პოლიტიკის ბიუროს დირექტორთან მასაში ვატანაბესთან/Masashi Watanabe.