“საქართველოს თავადაც შეაქვს წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში” – შალვა პაპუაშვილი

73
spot_img

საქართველო არა მხოლოდ იღებს ევროპული უსაფრთხოების და ეკონომიკურ სარგებელს, არამედ თავადაც შეაქვს წვლილი ევროპულ უსაფრთხოებაში, მათ შორის, აფრიკაში ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ნატოს ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი სამხედრო პერსონალის მიხედვით ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

„უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპისთვის ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაცია მწვავე პრობლემად იქცა. ამჟამად, საქართველო ე.წ. „შუა დერეფნის“ კრიტიკული და განუყოფელი ნაწილია, რაც შესაძლოა გახდეს ევროპაში ენერგიის ალტერნატიული მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტი, რომელიც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის მწვანე განახლებადი ენერგიის ტრანზიტის შესაძლებლობებს ქმნის, ენერგო რესურსების დივერსიფიკაციის ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე ახალი პროექტია.

მზად ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირთან მუშაობა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, რათა გაიხსნას ენერგიის მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და ევროპის მედეგობას.

ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთის საპასუხო რეაქციის რეალური და არსებული საფრთხის მიუხედავად, გამხდარიყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი. იმის მიუხედავად, რომ საქართველო გახდა სრულად თავსებადი ნატოსთან, ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტებზე მეტად განავითარა დემოკრატიული ინსტიტუტები და კონსტიტუციაში განამტკიცა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსში საქართველოს მიღების მზაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ქვეყანა ამ დრომდე მხოლოდ მოლოდინშია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტეგრაციის პროცესში გვქონდეს ხელშესახები პროგრესი პოლიტიკური კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ამ საკითხზე რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში ომის დასრულებასა და უკრაინის გამარჯვებამდე. თუმცა, აუცილებელია დისკუსიის დაწყება ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო მონახაზებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.