„1941 წელს, საბჭოთა შინსახკომმა იოსებ სტალინის ბრძანებით დნეპროჰესის კაშხალი ააფეთქა…“ – Die Welt

490
spot_img

უკრაინაში მდინარე დნეპრზე არსებული ნოვაია კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით დასავლურ და განსაკუთრებით გერმანულ პრესაში ბევრი სტატია იბეჭდება.

გაზეთი „ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „1941 წელს, როცა საბჭოთა შინსახკომმა იოსებ სტალინის ბრძანებით დნეპროჰესის კაშხალი ააფეთქა…“ (ავტორი – იოჰან ალტხაუსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მდინარეებზე შექმნილი კაშხლები ადამიანის შემოქმედების ერთ-ერთ თვალსაჩინო პროდუქტად ითვლება, ბუნების გარდაქმნის მიზნით, ამიტომ ასეთი ნაგებობების დანგრევა ძალიან საშიშია – მათი დარღვევით გამოწვეული ზიანი ძალიან დიდია და მხოლოდ ბირთვული ობიექტები თუ შეედრებიან. ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომიდან სამხედრო ექსპერტები გამაფრთხილებლად აცხადებდნენ, რომ რუსეთის არმიას მდინარე დნეპრზე არსებული კახოვკის ჰესის კაშხლის (აშენდა 1950-55 წლებში) აფეთქება შეუძლიაო და როგორც ჩანს, 6 ივნისის ღამეს სწორედ ეს მოხდა.
მსგავსი აფეთქების ისტორიული პრეცედენტი უკვე არსებობს – ნოვაია კახოვკასგან ჩრდილოეთით მდებარე დნეპროჰესის კაშხლის დანგრევა მეორე მსოფლიო ომის დროს.

უკრაინის სსრ-ის ქალაქ ზაპოროჟიესთან ახლოს დნეპროჰესის მშენებლობა, რომელიც საბჭოთა სტალინური ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენდა, 1927 წელს დაიწყო. მას სამი ძირითადი მიზანი ჰქონდა: მდინარე დნეპრი სანაოსნო გამხდარიყო, დნეპრის წყლით სასოფლო-სამეურნეო სავარგულები მორწყულიყო და გამომუშავებულიყო ელექტროენერგია. მშენებლობა, რომელიც აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობდა, 1932 წელს დასრულდა: იმ დროისთვის დნეპროჰესი ევროპის უდიდეს ელექტროსადგურად ითვლებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, კერძოდ 1941 წელს, როცა გერმანიის არმიამ (ვერმახტმა) საბჭოთა წითელი არმია შეავიწროვა, ბოლშევიკმა დიქტატორმა იოსებ სტალინმა შინსახკომს („ენკავედეს“) უბრძანა, რომ გერმანული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად დნეპროჰესის კაშხალი აეფეთქებინა, რაც 1941 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათსა და 15 წუთზე განხორციელდა. კაშხალი 20 ტონა დინამიტით ააფეთქეს, წარმოქმნილ 21 მეტრი სიმაღლისა და 175 მეტრი სიგრძის მქონე ნარღვევში დნეპრის წყალმა იხუვლა და რაც კი ქვემო დინების ტერიტორიაზე იყო, ყველაფერი განადგურდა – ქარხნები, სამდინარო ნავსადგურები და რაც მთავარია, ქალაქები და სოფლები.

შინსახკომს კაშხლის აფეთქების შესახებ არც მოსახლეობა არ გაუფრთხილებია და არც იქ მყოფი წითელი არმიის ქვედანაყოფების მეთაურები.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე დაუდგენელია – არსებობს მონაცემები, რომ დაიღუპა 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა და წითელი არმიის ჯარისკაცები. რაც შეეხება გერმანიის არმიას, ვერმახტი არ დაზარალებულა – აფეთქებიდან 8 დღის შემდეგ ვერმახტმა დნეპრის მარჯვენა ნაპირი დაიკავა და ყირიმისა და აზოვის ზღვისაკენ გაიჭრა.

1941 წლის 4 ოქტომბერს გერმანელი სპეციალისტებმა დაზიანებული კაშხლის რემონტი დაიწყეს, 1942 წელს კი დნეპროჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება ისევ დაიწყო, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით.

როცა ვერმახტი იძულებული გახდა 1943 წლის ოქტომბერში უკან დაეხია, კაშხალი ახლა უკვე გერმანელებმა ააფეთქეს, ძირითადად საარტილერიო ჭურვებით და ავიადაბომბვებით. მოხდა ისევ წყალდიდობა, მაგრამ ზარალი უცნობია. 1944 წელს საბჭოთა ინჟინრებმა, ამერიკული General Electric-ის დახმარებით, დნეპროჰესის რეკონსტრუქცია განახორციელეს, 1950 წელს, როცა უკვე სტალინურ საბჭოთა კავშირსა და თავისუფალ დემოკრატიულ დასავლეთს შორის ცივი ომი დაწყებული იყო, დნეპროჰესმა ელექტროენერგიის გამომუშავება ისევ დაიწყო.

წყარო