საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია, რა მომავალს აირჩევს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ-ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

18
spot_img

საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრები აქ ქართველი ხალხისთვის ლექციის წასაკითხად არ ჩამოსულან.

„აქ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რადგანაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არსებობს არჩევნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა იცის თუ სადაა მათი მომავალი. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან სახიფათოა და სამწუხაროდ, ასეთ დროს არ გაქვს არჩევანი იდგე შუაში. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში დააყენა, როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლებასა და რუსეთს შორის. მე აქ ვარ, რადგანაც ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც ისტორიულად, ისე დღესაც. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხი.

გარკვეული კუთხით, ჩვენ ქართველებისთვის საუკეთესო მეგობრები ვართ და თქვენ ეს იცით. საქართველოს რეფორმებს ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდით მხარს და ჩვენ გავუზიარეთ საქართველოს შეხედულება, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული და აყვავებული საქართველოსთვის არის ევროკავშირის წევრობა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს, ყველაფერს, რასაც ევროკავშირი იცავს. ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირის გზას. ეს არის ცვლილება, რომელზეც ევროკავშირს აუცილებლად ექნება რეაქცია. ევროინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ატარებ, იღებს სარგებელს, როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა ან შესაძლებლობა, გახდე ევროკავშირის წევრი. როდესაც საქართველო უკან იხევს, თქვენ დაკარგავთ ამ რაღაცებს. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიების შემთხვევაში ევროკავშირი, როგორც წესი სანქციებს აწესებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიზიარებთ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებას, რომ საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში. ეს პრინციპული არჩევანია და საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.