საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევს პასუხობს

199
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

„ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ“, – განაცხადა მედვედევმა.