“საქართველოს პროკურატურამ ბევრად უფრო ადრე ამხილა დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების საქმეში” – ირაკლი კობახიძე

64
spot_img

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად ადრე ამხილა დავით კეზერაშვილი.

„წავიდნენ და გაეცნონ ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა BBC-ის მონაცემები, ამხილა ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილი. ეს ყველაფერი არის იმ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.