“საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს – არ ეშინია”

101
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს – არ ეშინია,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, პრეზიდენტი საკუთარ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის ინფორმაციას.

„საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მუქარა და საქმეების თაროზე შემოდება მასზე არ იმოქმედებს. ეს არის მისი ხისტი პოზიცია. ამბობს, რომ ნებისმიერი მუქარა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, ეს არის ზემოქმედების მოხდენა სახელმწიფო ინსტიტუტზე, საქართველოს პრეზიდენტზე, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არ დაემორჩილება – არ ეშინია. თავის სამოქმედო გეგმებზე – როგორი იქნება მისი მომავალი, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვიზიტები, გვითხრა, რომ ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე არ უსაუბრიათ.

„ზოგადად, ვფიქრობ, ძალიან სწორ პოზიციაზეა კანდიდატის სტატუსთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით; სწორ პოზიციაზეა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების განწყობა არჩევნებში მონაწილეობაზე, ჩვენი ქვეყნის აქტიურობაზე, ევროპულ მომავალზე. ვიზიტების გაგრძელებაზე მისი პასუხი იყო ის, რომ რამდენიმე დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის მოსაზრებას. არ გვისაუბრია საარჩევნო და პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ვისაუბრეთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპული ინტეგრაცია დაჩქარდეს, საარჩევნო კონფიგურაციებზე პრეზიდენტს არ უსაუბრია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.