საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შესაძლოა, მიუსაფარი ცხოველების შეყვანის შესაძლებლობა მიეცეთ

108
spot_img

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირების სარეაბილიტაციო პროგრამაზე, რომელიც პატიმრების მიერ მიუსაფარი ცხოველების „შვილად აყვანას“ გულისხმობს, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმუშავებენ. ეს გადაწყვეტილება დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

კომიტეტმა შორენა ლობჟანიძის მიერ წარმოდგენილი და საქართველოს 2040 მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია „თერაპია თათებით“ განიხილა. პეტიციის ავტორები დეპუტატებს, პატიმრებისა და მიუსაფარი ცხოველების კომბინირებული რეაბილიტაციის შესახებ საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ და ამ მიმართულებით კანონპროექტის შექმნასა და აღნიშნული პროგრამის საქართველოში მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგვას სთხოვენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ საკითხის მიმართ არა მხოლოდ ინტერესით, არამედ გულშემატკივრობითაა განწყობილი და სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა გამოთქვა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო შორენა ლობჟანიძეს და ყველას, თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც ამ პეტიციით მოგვმართა. ძალიან საინტერესო იდეაა, რასაც გავეცანი და, სიმართლე გითხრათ, უნდა მოვიფიქროთ რაღაც ფორმა, რომ ამ კუთხით მუშაობა გავაგრძელოთ. სახელწოდება ასეთი აქვს – „თერაპია თათებით“, რაც გულისხმობს, მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში მიუსაფარი ცხოველების ყოლის შესაძლებლობას.

აღიარებულია და არაერთი პროექტია მითითებული თვითონ პეტიციაში, რომ წარმატებული პროექტები განხორციელდა არაერთ სახელმწიფოში, მათ შორის, სწორედ პენიტენციურ სისტემაში. მიჩნეული, რომ ეს სტრესთან ბრძოლის თვალსაზრისით, გარკვეული სოციალიზაციისთვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ყოველმხრივ ლოგიკურად მეჩვენება და არათუ ინტერესით, არამედ გულშემატკივრობით ვარ განწყობილი.

ჩემი შემოთავაზება გახლავთ, რომ ამ პეტიციაზე მუშაობა დაიწყოს პარლამენტმა, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, სადაც შევლენ აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, შესაძლოა, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. შესაბამისად, უკვე მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფის შესახებ ინფორმაციას წარმოვადგენთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომიტეტის სხდომაზე პეტიციასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყების მზადყოფნაზე ისაუბრა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, თამარ როსტიაშვილმაც.

„დიდი მადლობა იდეის ავტორს, ყველა ხელმომწერს, რომლებმაც ასეთი საინტერესო იდეა წარმოადგინეს. ვფიქრობთ, ნამდვილად ინოვაციური და ძალიან საინტერესო იდეაა. იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური მზად ვართ, შევისწავლოთ საკითხი და დეტალურად დავამუშაოთ, რა თქმა უნდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციფიკისა და პენიტენციური სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა , თამარ როსტიაშვილმა.

პეტიციის ავტორის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ პატიმრების თერაპიას, არამედ მათ გადამზადებას და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას.

„მარტო ცხოველის ყოლაზე არ არის, თვითონ პატიმრებიც გადიან შემდგომ გადამზადებას, რომლებიც იღებენ სერტიფიკატს და პროფესიულ უნარ-ჩვევებსაც იძენენ. გათავისუფლების შემდეგ შეეძლებათ მუშაობა დამოუკიდებლად“, – განაცხადა პეტიციის ავტორმა, შორენა ლობჟანიძემ.