“ახლა კანდიდატის სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას, სტატუსის გადავადება არ შეიძლება” – ხატია დეკანოიძე

95
spot_img

ოპოზიციონერ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ხატია დეკანოიძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები კანდიდატის სტატუსს იმსახურებენ.

„Ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. უახლოეს ორ კვირაში ანალიზის ნაწილი იქნება, შემდეგ რეკომენდაცია და ბოლო ერთი სიტყვაა მთავარი იმ რეკომენდაციაში, რომელმაც შეიძლება, სივრცე დაუტოვოს ლიდერებს, დეკემბერში მიიღონ გადაწყვეტილება. პოზიტიური მოლოდინი მაქვს, ჩემი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ კანდიდატის სტატუსს. ამით თუ ვინმე და რამე გაძლიერდება, ეს იქნება საქართველოს სახელმწიფო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

„არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და ხშირ შემთხვევაში ეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება დაბნეულობაა. არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაც, ადამიანების შიშებიც ლეგიტიმურია. არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე არაფერი მითქვამს ახალი, ისეთი,  რაც არ ჩანს ღია დისკუსიებში. კარგი იქნებოდა, თუ ერთიანი მძლავრი გზავნილი იქნებოდა. შესაძლებელია, რეზოლუცია დავარეგისტრიროთ, შესაძლებელია, წერილს მოვაწეროთ ხელი, მაგრამ ის, რომ არსებობს შიში, რადგან შესაძლებელია, ამან „ქართული ოცნება“ გააძლიეროს, ესეც ლეგიტიმურია, რასაც ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი ღიად ამბობს. მაგალითად, „ევროპული საქართველო“ ამას ძალიან დიდი ხანია, ამბობს და ასეთი დისკუსიები სოციალურ ქსელში არსებობს.

მნიშვნელოვანია ერთიანი გზავნილი, მე კვლავ ამ აზრზე დავრჩები. სტატუსის გადავადება არ შეიძლება. არც განვიხილავ, რომ უნდა გადავავადოთ. შიდა არჩევნებია ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მალე არის ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოზე ერთი აზრი მაინც არ არის. ამ გაფართოების ტალღაში თუ არ აღმოვჩნდებით, შეიძლება კოსოვოსთან ერთად, ერთ კალათაში აღმოვჩნდეთ. საქართველო არის რუსეთის პირისპირ და დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მიღება „ქართულ ოცნებას“ კი არ გააძლიერებს, პირიქით, გაცილებით მეტ პირობას დაუთქვამენ. ახლა სტატუსის მიღება მნიშვნელოვანია და ყველამ ეს უნდა თქვას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.