“საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება” – ვახტანგ ცინცაძე

42
spot_img

2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 316.0 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო სამი კვარტლის ჯამში 1,388 მლრდ დოლარი შეადგინა. „ინვესტიციის არსებული მაჩვენებელი უკავშირდება რამდენიმე კომპონენტს, კერძოდ, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 2,5-ჯერ მეტია. ასევე სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების ჯამური მოცულობა 30 პროცენტითაა გაზრდილი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალურ ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა – საუბარია კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების გასტუმრებაზე დამფუძნებელი კომპანიების მიმართ, რაც განაპირობა ხელსაყრელმა ბიზნეს გარემომ და კომპანიების მიერ შემოსავლების გენერირებამ. „აღნიშნული ფაქტორების შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დამფუძნებელი კომპანიების მიმართ სავალო ვალდებულებების გასტუმრება, რაც ასევე პოზიტიური ფაქტორია და პირდაპირი უცხოური კომპანიების ფინანსურ მდგრადობასა და მათი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის” ცნობით, ინვესტორი ქვეყნების მიხედვით 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა, შემდეგa მოდის გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი. 2023 წლის სამ კვარტალში ასევე ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ მთლიანი ინვესტიციის 24.6% შეადგინა. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი და ენერგეტიკა.

„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.