პუტინის ფენომენი არის არა ინდივიდუალური პიროვნული თვისებებით განპირობებული მოვლენა, არამედ რუსეთის სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებული და თავად რუსი ხალხის კულტურულ-მენტალური ქცევითი მოდელის ოდენ კონკრეტული გამოვლინება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან შენგელია წერს.
მისი თქმით, საქართველოსთან რუსეთის მეზობლობა ისტორიული ფაქტია (ისტორიული ჰქვია მოვლენას, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული რეალურ დროში!).
“სანამ ეს მოცემულობა არსებობს, საქართველომ უნდა გამოიმუშაოს ამ პირობებში სუვერენული არსებობის და განვითარების ხანგრძლივი სტრატეგია.
ფაქტია, რომ ქართულმა აზრმა უკვე დიდი ხანია გამოიცნო რუსული ფენომენის პრინციპულად ნეგატიური ხასიათი საქართველოსთან დამოკიდებულებაში (რუსეთისთვის პრინციპულად დაუშვებელია საქართველოს სახელმწიფოს არსებობა. ის ამას არასდროს შეეგუება სანამ შეძლებს!), მაგრამ ორას წელზე მეტია ჩვენ ვერ შევძელით შეგვექმნა ამ ისტორიულ ვითარებაში არსებობის, სიცოცხლეზე ორიენტირებული და სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია!
“ფიზიკური გადარჩენა” თვითმიზანი ვერაფრით იქნება. ფიზიკური არსებობა ღირსეული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების მხოლოდ აუცილებელი პირობაა და არა უმეტეს! ამ აზრით “ერეკლეს მოდელი” უნდა დავამთავროთ (კარგა ხნის წინ უნდა დაგვემთავრებინა).
რეანიმაცია აუცილებელია, მაგრამ მუდმივი რეანიმაციის რეჟიმში არსებობა ყოველგვარ აზრს მოკლებულია!”- წერს ლევან შენგელია.