საქართველომ ამ პერიოდში მოახდინა ინფრასტრუქტურული გარღვევა და საუბარს ამ ინფრასტრუქტურულ გარღვევაზე დავიწყებ სოფლიდან. სოფელში აღარ რჩება გზა, რომლის მოასფალტებაც არ ხდება. ყველა სოფელში მისასვლელი გზა არის ასფალტირებული და მიმდინარეობს შიდა მნიშვნელოვან გზებზე ასფალტის საფარის დაგება. ამავდროულად, ყველა დასახლებულ სოფელში, ძალიან პატარა და ძალიან მოშორებულ სოფლებზე თუ არ ვისაუბრებთ, გაზიფიცირება უკვე დასრულებულია ან ეს პროექტი ბოლო ეტაპამდეა მისული. აღარაფერს ვიტყვი ელექტროენერგიით მომარაგებაზე, იმიტომ, რომ შეიძლება სადღაც მთაში ერთეული, მარტო დარჩენილი მოსახლის გარშემო არსებობდეს ასეთი პრობლემა, თუმცა ესეც მოსაგვარებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა,სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მოსმენის შემდეგ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ახლა მიმდინარეობს უკვე ის პროექტები, რომლითაც წყალმომარაგება გახდება მუდმივი, ხარისხიანი და შესაბამისი სტანდარტის მქონე. მისივე თქმით, ყველა სოფელში მიმდინარეობს ან ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, ან საბავშვო ბაღების რემონტი და კაპიტალური მოწესრიგება.
„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ 90-იანი წლებიდან რა სამუშაოებიც არ ჩატარებულა, დაახლოებით 25 წლის განმავლობაში, ყველა ამ სამუშაოს ჩატარება ახლა გვიწევს”, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.