“ყველა ადამიანი, ვინც ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს რეგიონული განვითარების თვალსაზრისით პროგრესს, არის უტიფარი”

106
spot_img

„ნორჩი ნაციონალები“ სიმართლეს გთხოვდნენ. იმაზე, რაც ხდებოდა 2012 წელს, საერთოდ სალაპარაკო არ აქვთ,  სიმართლე ის არის, რომ ამ პერიოდზე საუბრისას, მათ უბრალოდ მოკაკულებმა უნდა იარონ, საარჩევნო პერიოდს რომ იხსენებენ, უნდა გაიხსენონ ის პირობები და ის ვითარება, რა პირობებში გვიწევდა „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კამპანიის ჩატარება და საერთოდ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში, –  განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მოსმენის შემდეგ.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი არა, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით როგორი ყაჩაღობა იყო და სახელმწიფო ბიუჯეტის მახრებად როგორ იყვნენ გადაქცეული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები“,- აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისვე თქმით, პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები პოპულისტური იყო.
დეპუტატმა ყურადღება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ  ზუგდიდში აუცილებლად აშენდება სტადიონი.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რეგიონებში ინფრასტრუქტურული გამოწვევები არსებობს, თუმცა ამავე დროს შესამჩნევია პროგრესიც.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან და დარწმუნებული ვარ თქვენც, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი გვაქვს მოგვარებული. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ ყველა ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, არა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დიდი ამოცანები დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ ამავდროულად ყველა ადამიანი, ვინც ვერ ამჩნევს და ვერ აფასებს იმ პროგრესს და იმ პროგრესის ტემპს, რომელიც ამ მიმართულებით ჩვენ გაგვაჩნია, არის უბრალოდ უტიფარი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.