საქართველო ცდილობს თავისი წინააღმდეგობრივი საბჭოური ისტორია დასავლურ მომავალს შეუთავსოს – რას წერს „ამერიკის ხმა“

32
spot_img

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო ცდილობს თავისი წინააღმდეგობრივი საბჭოური ისტორია დასავლურ მომავალს შეუთავსოს“ (ავტორი – ჰენრი რიჯველი).


გორში, იოსებ სტალინის მუზეუმის მარმარილოს ვესტიბიულში მდგარი ულვაშიანი საბჭოთა დიქტატორის დიდი ქანდაკების წინ ყვავილებია დაწყობილი. აქ ყველაფერი მის ცხოვრებას უკავშირდება. ირგვლივ ტურისტები დადიან – ისინი ძირითადად დასავლურ, რუსულ და ჩინურ ენებზე ლაპარაკობენ – და ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც იდეალური სელფი-ფოტოსურათები შეიძლება გადაიღონ.


იოსებ სტალინი 1878 წელს გორში დაიბადა. ქალაქი დღემდე პატივს სცემს თავის გმირს. უზარმაზარი მუზეუმი, რომელიც 1957 წელს აშენდა – ოთხი წლის შემდეგ მისი სიკვდილიდან – ასახავს საქართველოს მცდელობას შეუთავსოს და შეარიგოს თავისი წინააღმდეგობრივი მე-20 საუკუნის საბჭოური ისტორია მომავალთან, დასავლეთზე ორიენტირებულთან.


იოსებ სტალინის „ტაძარი“


მუზეუმი, როგორც ჩანს, ბოლო 70 წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. მის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ექსპოზიციას წარმოადგენს იოსებ სტალინის სამუშაო კაბინეტი – კრემლის კაბინეტის ზუსტი ასლი, რომელიც ორიგინალური ავეჯითაა მოწყობილი, მაგიდაზეც კრემლის ტელეფონი დგას. ნახატებზე საბჭოთა ბელადი ხელში აყვანილი ბავშვებით, მღიმარე სახით არის აღბეჭდილი. იქვე, მუზეუმის შესასვლელთან ახლოს სუვენირების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ ღვინო „სტალინი“, სანთებელები სტალინის გამოსახულებით ან მინი-ბიუსტები, რომლებიც ბრინჯაოსგან არიან ჩამოსხმულნი.


მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე არაჩვეულებრივ ექსპოზიციას წარმოადგენს აგრეთვე იოსებ სტალინის სიკვდილის შემდგომი ნიღაბი, რომელიც განთავსებულია ტაძრის მსგავს მრგვალი ატრიუმის განათებულ ცოკოლზე. საერთოდ, შენობა უფრო ბელადის აკლდამას, მის საძვალეს მოგვაგონებს, ვიდრე მუზეუმს.


იოსებ სტალინს ქება-დიდებას უძღვნიან იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა, მისი ხელმძღვანელობით უდიდესი წვლილი შეიტანა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში, თუმცა მას ასევე ბრალს სდებენ 30 მილიონი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასჯაში. სწორედ ეს ბრალდებაა ასახული კიბის ქვეშ არსებულ პატარა ოთახში გამოფენილ მასალებში, რომლებიც სტალინისა და მისი გარემოცვის მიერ ჩადენილ უდანაშაულებებს გვამცნობს – „გულაგის“ ბანაკებზე, მასობრივ იძულებით შიმშილობებზე, მილიონობით საბჭოთა მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უკანონო რეპრესიებზე, ქართველების ჩათვლით.


რუსული ოკუპაცია


იოსებ სტალინის სიკვდილიდან 71-ე წელს რუსეთი ჯერ კიდევ ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე თავისი ძალაუფლება გაავრცელოს. გორიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით რუსული საოკუპაციო ხაზი გადის. რუსული ჯარებს ჯერ კიდევ აქვთ დაკავებული საქართველოს 20%-მდე ტერიტორია, რომელიც მოსკოვმა ორ ეტაპად განახორციელა – 1990-იანი წლების სამოქალაქო ომისა და 2008 წლის სამხედრო თავდასხმის შედეგად, როცა კრემლის ჯარებს მცირე ხნის განმავლობაში გორიც ჰქონდათ ოკუპირებული, შემდეგ კი მათ უკან, კავკასიის მთებისაკენ დაიხიეს, თუმცა ისინი საქართველოს ტერიტორიის ნაწილს – ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ სახელწოდებით, ამჟამადაც აკონტროლებენ და იქ მათი სამხედრო ბაზაა დისლოცირებული.


რუსეთის ჯარები ადგილობრივი მოსახლეობისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. „მთავარია, რომ საოკუპაციო ხაზი არ გადავკვეთოთ. თუ გადავკვეთავთ, დაგვაკავებენ“, – ამბობს ადგილობრივი ფერმერი გელა ბოლოთაშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.
წარსული და ამჟამინდელი პრობლემები ფონს ქმნიან საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური რყევებისათვის, რომლის მოსახლეობა ოქტომბერში საპარლამენტო გადამწყვეტი არჩევნების ჩასატარებლად ემზადება. ქვეყანას მართავს პარტია“ ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი მთავრობა, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაარსებული და მხარდაჭერილი. ოლიგარქმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა, 1990-იან წლებში.


კრიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას იმაში ამხელენ, რომ ისინი ცდილობენ საქართველოს კონსტიტუციით გამოცხადებულ ევროინტეგრაციის გზიდან გადაუხვიონ, უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მოსკოვთან კავშირები აღადგინონ. ამ ბრალდებებს „ქართული ოცნება“ უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველო 2030 წლისათვის ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება.


პარალელურად კი მმართველი პარტია ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა, რომელსაც თან ახლავს მოსახლეობისადმი გაფრთხილებები, რომ აშშ-ისა და ნატოს განზრახული აქვთ საქართველოს ჩათრევა რუსეთ-უკრაინის ომში. ამას წინათ მიღებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ [ოპოზიციის მიერ] განიხილება როგორც მცდელობა იმისა, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჩაახშოს კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებსაც დასავლეთი აფინანსებს. ამ ფაქტმა ვაშინგტონი აიძულა ივნისის თვის დასაწყისიდან სანქციები დაეწესებინა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი საპარლამენტო დეპუტატის მიმართ.


რამდენიმე თვის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები შედეგები მოწმობს, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და შესაბამისად, ეს საკითხი ოქტომბრის არჩევნების წინ საკვანძო მომენტად გადაიქცევა.


ევროკავშირი იმედოვნებს…


გორიდან აღმოსავლეთით, კავკასიის მთების ძირში, არქეოლოგებმა ისეთი ადგილი იპოვეს, რომლის შესწავლით დამტკიცდა, რომ საქართველოში ღვინის წარმოების უძველესი კერა არსებობდა. კახეთის რეგიონში 8 ათასი წლის წინათ ღვინოს ამზადებდნენ – უფრო ადრე, ვიდრე სადმე მთელ მსოფლიოში, რის გამოც საქართველომ „ღვინის სამშობლოს“ სახელწოდება მიიღო. ეს ფაქტი ბევრად განსაზღვრავს საქართველოს მომავალს ევროკავშირის ჩარჩოებში.


ღვინის კომპანია „ნეკრესი“ წელიწადში 50 ათას ბოთლ ღვინოს ამზადებს შიდა და საგარეო ბაზრისათვის. ქართული ღვინის ექსპორტი ხდება როგორც აშშ-ში, ასევე საფრანგეთში და სამხრეთ კორეაში. უახლოეს წლებში „ნეკრესი“ ღვინის წარმოების გაფართოებას გეგმავს – წელიწადში 250 ათას ბოთლამდე. „ჩვენ ორიენტირებულნი ვართ უცხოურ ბაზრებზე პროდუქციის გასაყიდად, განსაკუთრებით ევროპაზე“, – ამბობს ნარა სილაგაძე, „ნეკრესის მამულის მმართველი, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, – „საქართველოს პოტენციური გაწევრიანება ევროკავშირში ჩვენი ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა“.


ევროკავშირმა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტირება განახორციელა საქართველოს სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, თავისი სტრატეგიის თანახმად. ევროკავშირი აცხადებს, რომ ინვესტიციები მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირის ციფრული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების გასაფართოებლად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ღვინის კომპანია „ნეკრესი“ მათ რიცხვშია, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობენ.


„დღემდე ჩვენ საკუთარ რესურსებს ვეყრდნობოდით, მაგრამ წარმოების გაფართოების კვალობაზე აუცილებელი გახდა დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ფონდებმა გაგვიწიეს. სასტუმრო, რომელსაც ახლა ვაშენებთ, ენერგოეფექტურად ითვლება. ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ეთანამშრომლა და მხარში ამოგვდგომოდა, ჩვენი გაძლიერება-განვითარების მიზნით“, – ამბობს ნარა სილგაძე.
გეოპოლიტიკური დაძაბულობა


მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობა აღიდგინა, ევროპისა და შეერთებულმა შტატების მიერ მნიშვნელოვანი თანხები იქნა ჩადებული საქართველოს ეკონომიკაში, ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებისათვის. თუმცა დღეს, დასავლეთისა და აღმოსავლეთს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების განახლების ფონზე, საქართველოს პოლიტიკური კურსი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.


ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნების მოახლოების კვალობაზე ქართველები თავიანთ წინააღმდეგობრივ ისტორიასა და მომავლის იმედებს შორის რჩებიან – იმედებისა, რომლებიც კონფლიქტების განახლების შიშის ჩამნერგავი პროპაგანდით არიან დაჩრდილული.


წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ