ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე რომ გაქვთ, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი –  პაპუაშვილი აქუბარდიას

21
spot_img

ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე რომ გაქვთ, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი, უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის?! – რაც შეეხება დეზინფორმაციას, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა 4 რეზოლუციაში,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რითაც მის პოლიტიკურ გამოსვლას გამოეხმაურა.

პაპუაშვილმა აქუბარდიას მისამართით თქვა, რომ ხმა არ ამოუღია მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი საქართველოს წინააღმდეგ ტყუილს ამბობდა.

„ქალბატონო თეონა, ბატონ ბორელს ჰყავს პრესსპიკერი. თქვენ პარლამენტის წევრი ხართ, არ ხართ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი და დღეს 4 წუთი ამაში დახარჯეთ, რომ უცხოეთზე საუბრობთ. რაც შეეხება დეზინფორმაციას – დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა 4 რეზოლუციაში, სადაც სააკაშვილზეც საუბრობდა. ხმა ამოიღეთ საერთოდ? საქართველოს წინააღმდეგ ტყუილს რომ ამბობდა ევროპარლამენტი, საქართველოს მოქალაქემ და პოლიტიკოსმა ხმა ამოიღეთ? არ ამოიღეთ, რადგან თქვენთვის, საქართველოს ინტერესი არის ნული, უცხოელებს უყურებთ. ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე რომ მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი. რა შუაშია თქვენი კომენტარები? ეს აჩვენებს დამოკიდებულებას. უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის?! 4 წუთი საუბრობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერის პოზიციიდან ქალბატონი თეონა და თვითონაც დაადასტურა, მისი პრესსპიკერიც იგივეს ამბობსო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა სანქციების გვერდის ავლის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ თემაზე დეზინფორმაციის გამავრცელებლები ევროპელი პოლიტიკოსები, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები არიან.

ამის საპირისპიროდ, პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების მისამართით ამბობს, რომ დაასახელონ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა დეზინფორმაცია ევროკავშირთან დაკავშირებით.

„ასევე, როდესაც სანქციების გვერდის ავლაზე იყო საუბარი, აქაც ევროპელი პოლიტიკოსები იყვნენ დეზინფორმაციის გამავრცელებლები. ასევე მათი დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები -„დროა“ რომელიც ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა, რაც დარღვევაა არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობის, არამედ ყველანაირი ევროპული ღირებულების. ქალბატონმა თეონამ, როდისმე საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციებზე ხმა ამოიღო, ახლა რომ წუხს? დაასახელონ ერთი ფაქტი, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე დეზინფორმაცია გავრცელდა ევროკავშირთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს არის უსამშობლობის მთავარი პრობლემა, დიაგნოზი, როდესაც სხდომათა დარბაზში ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებზე უნდა საუბრობდნენ, გვესაუბრებიან, გუშინ უცხოელმა პოლიტიკოსმა რა პრესკონფერენცია ჩაატარა, იმ დღის წესრიგით. ამაზე მეტი ლუსტრაცია იმისა, რომ ატარებენ არა ქართველი ხალხის, არამედ უცხო ქვეყნების, პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს საქართველოში, ამაზე მეტი დასტური არ არსებობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერნატიული რეალობა აქვს შექმნილი. მან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გუშინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და პაპუაშვილს ასე მიმართა: „როდესაც ჯოზეფ ბორელი ღიად გეუბნებათ, რომ უმაღლესი პირები დეზინფორმაციას ავრცელებენ, ეს ყველაფერი არის დიაგნოზი“. მან ქართული ჯარის დაფინანსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსება გაიყინოს.

„თქვენ რომ იყავით, ბატონო შალვა, წასული სამხედრო მაისურით ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს, რა გააკეთეთ აქ, რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება? ევროკავშირის 33 მილიონიანი დაფინანსება შესაძლებელია გაიყინოს წელს და გაისად კიდე კაცმა არ იცის, რა მოხდება“,- აღნიშნა აქუბარდიამ.