სიმართლე არის ერთი, საქართველო დღეს, ისე როგორც არასდროს, აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტებს, „თავდაცვის კოდექსი“ ამაში ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო წაგვწევს წინ, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო დღეს არის დემოკრატიული, როგორც არასდროს და საქართველოს არათუ რუსული კანონი, ქვეყნის დამაზიანებელი კანონის მიღების მცდელობებიც არ აქვს.
„სამწუხაროდ, დაფასება ცოტა ნაკლებია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, ქვეყანა გაიმარჯვებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ასევე არაა დაფასებული უკრაინა, რომლის მოქალაქეებმა ჯერ კიდევ არ იციან, როდის მიიღებენ მათ ქვეყანას ნატო-ში.
„ჩვენი თავგანწირვა და გაწეული შრომა, სამწუხაროდ, არ ფასდება და პირდაპირ ვთქვათ, არც უკრაინას დაუფასდა, რადგან ვფიქრობ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამდენი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა რუსულმა ოკუპაციამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ილაპარაკონ ამ თემაზე, დღეს უკრაინის მოქალაქემ არ იცის, როდის მიიღებენ ნატო-ში. ამ თავის შეწირვის და თავის გაწირვის, ამ უპრეცედენტო გმირობის მიუხედავად, უკრაინელმა ჯარისკაცმა არ იცის, როდის მიიღებენ მის ქვეყანას ნატო-ში და კონკრეტულად რა პირობები იქნება მაშინ. ზოგმა თქვა, ჩვენმა პარტნიორმა, კოლეგამ, მათ ვუდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ ესეც სათქმელია, ლიდერების დონეზე ითქვა, რომ უკრაინა მაშინ მიიღებს ნატო-ს წევრობას, როდესაც ომი დამთავრდება და რუსეთთან ომს მოიგებს. ასეთი მოცემულობა განსაზღვრეს წინასწარ და მას შემდეგ, რაც ყველა ქვეყანას დაითანხმებენ, რაც ომს მოიგებს და თავსებადი გახდება ნატო-ს სტანდარტებთან, ამ ყველაფრის შესრულების შემდეგ მათ ექნებათ მიწვევა ნატო-ში. უკრაინას არ უფასდება, ჩემი აზრით, და ბოდიში, თუ ძალიან სუბიექტური ვარ ამ განწყობაში. თუმცა იმედია, რომ რაღაც საკითხები, რაც შედარებით ადვილად გადაწყდა, მომავალში მაინც რაღაც გავლენას იქონიებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.