“ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე” – ჯო ბაიდენი

69
spot_img

ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის წარდგენის დროს განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, დეკლარაცია არის ჩარჩო, რომლითაც განსაზღვრულია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლაში ბაიდენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას.

„ძალიან ცოტა ადამიანია ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ვინც იფიქრებდა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი უკრაინას მხარს დაუჭერდა. იაპონიამ გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი, ის მიხვდა, რომ როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში 180 ათასი ჯარისკაცი კვეთს საზღვარს, პარავს სუვერენიტეტს სხვა ქვეყანას, მაშინ ეს აისახება მთელ მსოფლიოზე“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინის ნატო-ს მომავალ წევრობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირემ დაუჭირა მხარი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, გაუქმდეს წევრობის სამოქმედო გეგმის შესრულების მოთხოვნა. ბაიდენის თქმით, უკრაინა განაგრძობს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც აუცილებელია ალიანსში გასაწევრიანებლად.

„მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ იმ გარანტიებზე, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე. ამაზე ვისაუბრეთ უკრაინაში ჩემი ვიზიტის დროს და სხვა შეხვედრებზეც. დღეს გრძელვადიანი ვალდებულებების, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, გამყარებულია იმ გაგებით, რომ გარდამავალ ეტაპზეც მივცემთ უსაფრთხოების გარანტიას, რომელიც მას სჭირდება ნებისმიერი აგრესიისგან დასაცავად. დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა წარვადგინეთ ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად, რომ მკაფიო გავხადოთ – ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ძალიან დიდხანს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ამ დეკლარაციის წარდგენით იწყება პროცესი, როდესაც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები და ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელსაც აქვს სურვილი, შეუერთდეს დოკუმენტს, დაიწყებენ მოლაპარაკებას უკრაინასთან ორმხრივი უსაფრთხოების ვალდებულებების თაობაზე.

„ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ძლიერი თავდაცვის შექმნაში – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაშიც, რაც იქნება სტაბილურობის ძალა რეგიონში და შეაკავებს ნებისმიერ საფრთხეს“, – განაცხადა ბაიდენმა.