აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთთან ნებისმიერ ახალ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა საფრანგეთს დაეკისრება. ეს განცხადება ილჰამ ალიევმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პარიზი ერევანს სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას დაჰპირდა.
„საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის შეიარაღების გადაცემა არის მიდგომა, რომელიც არა მშვიდობას, არამედ ახალ დაპირისპირებას ემსახურება, და თუ რეგიონში რაიმე ახალი დაპირისპირება მოხდება, მაშინ დამნაშავე ამაში იქნება საფრანგეთი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ილჰამ ალიევი გრანადაში საფრანგეთის პოზიციის გამო არ ჩავიდა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.