“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა” – ლავროვი

100
spot_img

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, “პალესტინის სახელმწიფოს” შექმნა ისრაელში მშვიდობის დამყარების ყველაზე სანდო გზაა.

ლავროვმა ამის შესახებ არაბული ქვეყნების ლიგის გენერალურ მდივან, აჰმედ აბულ გეითთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ისრაელის გვერდით იქნება, არის კონფლიქტის მოგვარების ყველაზე სანდო გზა. ჩვენ ვერ დავეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ უსაფრთხოების დამყარება მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლით არის შესაძლებელი”. – ამბობს ლავროვი.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი – ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი “ძლევამოსილი შურისგებისთვის” უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.