“სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო როცა მოვა, ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს”-სალომე ზურაბიშვილი

44
spot_img

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად არის მისი საზღვრები, ეს არის მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია, რაც საქართველო არსებობს, მაგრამ ეს გაკეთდა ნათლად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1991 წელსვე და ეს იყო მუდმივი არჩევანი.

„ორი დღის წინ ევროკომისიამ ბოლოს და ბოლოს გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ერთი დღით ადრე კი რუსეთმა, როგორც სჩვევია, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დელიმიტაციის ხაზზე მოკლა ერთი ჩვენი მოქალაქე, მეორე კი მძევლად აიყვანეს და ეს არის ის, რაც ხდება მუდმივად. ისინი იღებენ აფხაზეთის აეროპორტს და შავ ზღვაზე მდებარე ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე ფლოტის შესაქმნელად. ასე რომ, ეს არის რუსეთი.

ჩვენი იმედები უკავშირდება ევროკავშირს. იმას, რომ ჩვენ გავხდეთ სრულფასოვანი წევრები, დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და ევროკავშირი გარედან ჩანს, როგორც ადგილი, სადაც საბოლოოდ უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენის პარტნიორებისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შეუერთდნენ ევროკავშირს, და ასევე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირი არის წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი ვერ გადაკვეთს. ის, რომ რუსეთი არ იცვლება, ეს ჩვენი ცხოვრების ფაქტია.

ის დარჩა იმპერიალისტურ ძალად, შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და, ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი რუსეთის მიმართ, როგორც ამას სილვი კოფმანი აღწერს წიგნში Les aveuglés. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასდროს, ვიდრე რუსეთი არ აღიარებს, რომ მას, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ერს, აქვს საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს.

თქვენ ნებისმიერ რუსს თუ სთხოვთ, დახაზონ თავიანთი ქვეყნის რუკა, ზოგი მოიცავს უკრაინასაც, საქართველოსაც. მათ არ იციან და ეს ჩვენი, ევროკავშირის მოვალეობაა, გავაგებინოთ. მათ ხვალ უნდათ ევროპის კონტინენტზე არქიტექტურის ზოგიერთი ფორმის რეკონსტრუქცია. დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი საბოლოოდ გაიგებს ამას და ვფიქრობ, ეს იქნება მთავარი მიზანი, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო მოვა, როცა უკრაინა ჩათვლის, რომ მიაღწია მიზანს, დაიცვა თავისი ტერიტორიის სუვერენიტეტი და მთლიანობა. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად არის მისი საზღვრები, ეს არის მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის დასაწყისი. ეს არის თანამშრომლობის დასაწყისი. ეს არის აბსოლუტური აუცილებლობა. ევროკავშირს თუ სურს, ხვალ ჰქონდეს შავი ზღვა, რომელიც გახდება ევროპული თანამშრომლობისა და კავშირის ზღვა, ეს არ იქნება, თუ ჩვენ არ გადავიყვანთ რუსეთს ნორმალურ ფორმებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.