“რა შეიძლება ვუწოდო სალომე ზურაბიშვილის იმ სიტყვებს, რაც მან საფრანგეთის ტელევიზიაში გააჟღერა, თუ არა – მოღალატეობა”

157
spot_img

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთში არ წასულა მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩვენებინა, მთავრობას არ ემორჩილება, არამედ, მან ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინება გააჟღერა იქ – ახსენა კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მთავრობა 2024 წლის არჩევნების შედეგის შემდეგ დააანონსა, რითაც ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აზრი, რომ ეს ვარიანტი შესაძლებელია.

„ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება თავის ლობისტებთან ერთად, არამედ, ეს არის ახალი პროექტი, წამოსული ისევ ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ. ამ შეტყობინებით სალომე ზურაბიშვილი ხალხს აჩვევს ამ ვარიანტის, ანუ კოალიციური მთავრობის შესაძლებლობაში, საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს იმისთვის, რომ 2024 წელს მარტივი იყოს ხალხის მოტყუება. რაც არ უნდა კანონი მივიღოთ, დეზინფორმაციის გავრცელებას ესენი არ შეეშვებიან და მთელი ამ თვეების განმავლობაში მას აქტიურად გამოიყენებენ. რაც უნდათ, ის შექმნან, ზუსტად ვიცი, რომ ქუჩაში დარჩებიან, ხოლო პარლამენტში მათგან ორი-სამი კაცი შევა, გარდა „ნაცმოძრაობისა“, რომელსაც სხვებისგან შედარებით, თავისი ამომრჩეველი ნამდვილად ჰყავს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ანალიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუც შეაფასა და მას მოღალატეობრივი უწოდა.

„ფაქტია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა. რა შეიძლება ვუწოდო მის სიტყვებს, თუ არა – მოღალატეობა, რაც მან საფრანგეთის ტელევიზიაში გააჟღერა. ჟურნალისტს, კი, რომელიც კითხვებს სვამდა, ჟურნალისტსაც ვერ ვუწოდებ, რადგან აშკარად დაწერილი კითხვები ჰქონდა და საქართველოს პრემიერს, რომელიც მის ქვეყანაში იყო სტუმრად და მისმა პრეზიდენტმა მაკრონმა მიიღო, პრორუსი უწოდა. ანუ, გამოდის, რომ ფრანგმა ჟურნალისტმა საფრანგეთის ხელისუფლებასაც პრორუსი უწოდა, რადგან თუკი პრორუს პრემიერს ასეთი ზარ-ზეიმით იღებ, შენც მისი იდეოლოგიის მქონე ხარ. ანუ, აიხლართნენ, დაბნეულები არიან, ვის რა ფულს უხდიან, ვის რა კითხვას აწერინებენ და აპასუხებინებენ, თვითონაც აღარ იციან, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდება მათთვის ცნობილი და მჯერა, რომ 2024 წლის ოქტომბრამდე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.