სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება – ომის 481-ე დღე

142
spot_img

უკრაინაში ომის 481-ე დღეს, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, ლიმანისა და მარიინკის მიმართულებები რჩება.

უკრაინა შეტევით ოპერაციებს ატარებს ზაპოროჟიეშიც, თუმცა როგორც რუსული მხარე ირწმუნება, უკრაინელების ყველა იერიში მოგერიებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ზაპოროჟიეში სოფელ პიატიხატკიზე კონტროლის დაკარგვის შესახებაც.

პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. სუმის ოლქში სარაკეტო დარტყმას 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე – დღის განმავლობაში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნეს.

„ღამით, რუსეთის ფედერაციამ რაკეტებითა და Shahed-ის ტიპის ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა. გასული დღის განმავლობაში მტერმა 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნა. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, კერძოდ, ბავშვები, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, დანგრეულია და დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სკოლა“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებს 10 დარტყმა მიაყენა. ამასთან, განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

„ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, 3 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-ი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის 2 პუნქტს, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, პირადი შემადგენლობის დისლოცირებისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 2 ადგილსა და საბრძოლო მასალის 2 საწყობს დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.