“საბედისწერო დიფუზიურ ომში ვართ და ეს არის ომი ადამიანებისა ტრანს-ადამიანებთან” – დავით ზარდიაშვილი

128
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რუსული “ველიკოძერჟავული ამბიციები”, ისევე როგორც ანტი-რუსულიც, ოდენ ბავშვური ახირებაა მსოფლიო კორპოროკრატიის რეალურ და საფუძვლიან ამბიციებთან შედარებით.

საუბედუროდ, უდიდესი საფრთხე, რაც ადამიანებს, საზოგადოებებსა თუ სახელმწიფოებს გვემუქრება საერთოდაც კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე სწორედ ეს არის: ანთროპოლოგიური განხეთქილება, რასაც აღარც მალავენ მსოფლიო კორპოროკრატიის ელიტები. 2018 წელს მათ სანტა-ფეში გამართულ ნახევრად ლეგალურ და მაინც კონსპირაციულ შეხვედრაზე ეს ღიად დააანონსეს. ზოგადად, სცენარი ეგაა:

განსაცვიფრებელი სოციალური უთანასწორობა, რაც არსებობს გლობალური კორპორაკრატიის ელიტასა და ადამიანთა დანარჩენ მასას შორის, ბიოლოგიური უნდა გახდეს: ისინი მიიჩნევენ, რომ ტექნოლოგიურად სავსებით შესაძლებელია “ჰომო საპიენსისგან” ევოლუციურად მივიღოთ ახალი ბიო ანდა სულაც ბიო-კიბერნეტიკული სახეობა – ზე-ადამიანი, ანუ ტრანს-ადამიანი. ჩვენ დავრჩებით “ჰომო საპიენსებად”, მაგრამ დიდ საკონცენტრაციო ბანაკში. ჩვენი უფლებები მხოლოდ და მხოლოდ “თანასწორობა” იქნება – გენდერული, ეროვნული, სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული, სახელმწიფოებრივი, ცივილიზაციური და ა.შ. იდენტობების სრული განურჩევლობა, რაც ბიო-მასად, “ჰომო-საკერების” ჯოგად გვაქცევს. “ჰომო-საკერი” ძველი რომის სამართალში იყო ადამიანი, რომელსაც საქონლის, პირუტყვის სტატუსი და უფლებრივი მდგომარეობა ჰქონდა, ე.ი. არანაირი ადამიანური უფლება არ გაჩნდა. ამ არაადამიანური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს. მას სამი სტრატეგიული მიმართულება აქვს: ბიო, ეკო და ტექნო. ამიტომაც მას “ბიო-ეკო-ტექნო ფაშიზმი” ეწოდება. ცხადია, ოფიციალურად – ეს “ლიბერალური დემოკრატიაა”. მისი ციტადელია აშშ, რომელიც უკვე აღარ არის ერი-სახელმწიფო, არამედ მსოფლიო კორპოროკრატიის მეტროპოლიაა (მართალია, ტრამპი ჯერ კიდევ მაინც იბრძვის, რათა დიდ ამერიკელ ხალხს ეს სახელმწიფო დაუბრუნოს);
ამ მიმართულებებს ღიად პროპაგანდირების მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, დავოსის ფორუმის სულისჩამდგმელი შვაბი და მისი შვაბოიდების გვარდია; სამივე ერთი მიზნისკენაა მიმართული: ტრანს-ადამიანის შექმნა, მისი ჯერ ტექნოლოგიური კონსტრუირება და ბოლოს რეალიზაცია, ხოლო დანარჩენი ბიო-მასის სრული იზოლირება. ეს რომ მოხდეს, ხორციელდება არნახული დიფუზია, ე.ი. გამაოგნებელი არეულ-დარეულობაა საჭირო, როცა მასისათვის შეუძლებელი ხდება ობიექტური რეალობის, სინამდვილის შეცნობა. ობიექტური სინამდვილე იცვლება ინტერ-სუბიექტურ რეალობათა დიფუზიით. ობიექტური სინამდვილის ფაქტები ქრება და მათ ადგილს იჭერს აღქმები. აღქმებით მანიპულირებისა და “საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელური ტოტალიტარიზმის” (გაჯეტიზაცია+ინტერნეტ-ქსელიზაცია+დეზინფორმიაცია) მეშვეობით მყარდება ტოტალური კონტროლი ადამიანთა დიდი სოციალური ჯგუფების ქცევაზე;

ქსელური ტოტალიტარიზმის პირობებში ობიექტური სინამდვილის მოხელთება აბსოლუტურად შეუძლებელია; ასეა მაგ. რუსეთ-უკრაინის ე.წ. დიფუზიური ომის შემთხვევაშიც, სადაც სიმართლე არ არსებობს, რადგან ქსელში მისი გარჩევა სიცრუისგან წარმოუდგენელი ხდება, და მის ნაცვლად არის ის ინტერ-სუბიექტური ილუზია, ერთგვარი მონაცემების ურთიერთსაპირისპირო მატრიცების მატრიცა, რასაც ქსელი მომხმარებელს, ინტელექტის, გემოვნებისა თუ ტემპერამენტის შესაბამისად, საკუთარი არჩევანის სახით, რაც თავს მოხვეული ნებაა, სთავაზობს; ასევე იყო კოვიდ-პანდემიის დროსაც. ეს ომი გადაიზრდება ტოტალურ დიფუზიაში, სადაც დაიწყება მესამე ტალღა უკვე ტექნო-ფაშიზმის, ანუ ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში შემოჭრისა და შეუკავებელი ექსპანსიის სახით.

ასე რომ, დიახ, საბედისწერო დიფუზიურ ომში ვართ და ეს არის ომი ადამიანებისა ტრანს-ადამიანებთან, ანუ არაადამიანებთან. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ეს რეალურად ხდება. აქ და ახლა. ამიტომაც:

ადამიანებო, იყავით ფხიზლად!