“სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, პრეზიდენტს ფეხზეც კი არ წამოუდექით” – რომან გოცირიძე უმრავლესობას

25
spot_img

სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, პრეზიდენტს ფეხზეც კი არ წამოუდექით – თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ანგარიში წარადგინა.

გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ქვეყანაში კონფრონტაციას აღვივებენ, რისი დასტურიც მათი დღევანდელი საქციელია.

„დღეს პრეზიდენტი შემოვიდა და სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეთ, ფეხზეც კი არ წამოუდექით. ხელს არ ვართმევთო, ასე ამბობთ. ხელის ჩამორთმევა ჯერ კიდევ უძველეს საუკუნეში იყო ადამიანების მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა. როცა ისინი ხელს ართმევდნენ, ისინი აჩვენებდნენ, რომ ხელი სუფთაა და მშვიდობისათვის მოვიდნენ. თქვენ მტრულად დახვდით არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, არამედ მთელ ქვეყანას. თქვენ აღვივებთ ქვეყანაში კონფრონტაციას, რისი დადასტურებაც დღევანდელი თქვენი საქციელი არის. თქვენ არ ცემთ პატივს კონსტიტუციას, გერბს, დროშას, პრეზიდენტს, რომელიც არის ქვეყნის სიმბოლო, პერსონალურად მოგწონთ თუ არ მოგწონთ. რა თქმა უნდა, არ უნდა მოგწონდეთ, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის მთელი პოლიტიკური ცხოვრება გამოიხატება სიცრუეში და მტრების გამრავლებაში,“ – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა თავისი შინაარსით ძალიან რეზონანსული იყო.

გოცირიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის მახინჯი ფორმა ამხილა.

„უსახური მარიონეტების საკრებულო – აი, ეს შექმნა ბიძინა ივანიშვილმა თავისი მმართველობის 12 წლის თავზე. დღეს, როგორც ჩანს, დაგარიგათ და არ იყო მაგიდებზე ბრახუნი და აგრესიული შეძახილები, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით.

ეს გამოსვლა თავისი შინაარსით იყო მართლაც ძალიან რეზონანსული. მან ამხილა „ქართული ოცნების“ მმართველობის მახინჯი ფორმა. იმ პარტიისა, რომელსაც ქვეყანა დღეს მიჰყავს რუსეთისაკენ,“ – განაცხადა გოცირიძემ.