„ჯო ბაიდენის ახალი პოლიტიკა უკრაინის მიმართ“ – Asia Times

46
spot_img

ჰონკონგის (ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის) გაზეთმა „ეიჟე თაიმსმა“ (Asia Times) 5 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჯო ბაიდენის ახალი პოლიტიკა უკრაინის მიმართ“ (ავტორი – სტივენ ბრიანი), რომელშიც განხილულია ცვლილებები აშშ-ის უკრაინულ პოლიტიკაში, ქვეყნის ხელმძღვანელობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციის მიმოხილვას:

„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საკმაო ხნით გაგრძელდებოდა, ვთქვათ, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მაგრამ ამ გეგმებს ასრულება არ უწერია, თუ რუსეთი მასშტაბურ შეტევას დაიწყებს. სწორედ ამიტომ თეთრი სახლი ახალი პოლიტიკის შემუშავებას იწყებს. ვაშინგტონის გააქტიურება განაპირობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განზრახვამ საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის როტაციას, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით“, – ნათქვამია სტატიაში

როგორ უყურებს აშშ უკრაინის პრეზიდენტის მცდელობას ვალერი ზალუჟნის მიმართ? როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სელივანმა განაცხადა, ამ საკითხში კიევს ვაშინგტონთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა აშშ არ აპირებს საკადრო გადაწყვეტილებებში ჩარევას. „პრეზიდენტს უფლება აქვს საკადრო საკითხები სხვებისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ საქმეში არ ჩავერევით“, – ხაზი გაუსვა მრჩეველმა 4 თებერვალს ტელეარხ „სი-ბი-ეს“-ის გადაცემაში „ერის წინაშე“.

მაგრამ არ გასულა რამდენიმე საათი ამ განცხადებიდან, რომ კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი ჩავიდა, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი აშშ-ის პოლიტიკის გატარებაზე ნატოს ქვეყნებთან და უკრაინასთან. ვიზიტი იმდენად ნაჩქარევად იყო მომზადებული, რომ პრესასთან ბრიფინგი მან ფეხზე მდგომმა ჩაატარა, ორიოდე მიკროფონით და მაგიდასთან სკამიც კი არ იდგა.

რაშია საქმე? Asia Times დარწმუნებულია, რომ თეთრმა სახლმა ვიქტორია ნულანდი კიევში იმ შემთხვევისათვის გაგზავნა, ვაითუ საქმე „ისე არ წავიდეს, როგორც საჭიროა“. ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ რაღაც მოულოდნელი ნაბიჯი არ გადადგას, ვთქვათ, თავისი ერთგული არმიის ნაწილები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოიყენოს.

ჯერ-ჯერობით კიევში სიმშვიდეა, არმიის სარდალს რაიმე მოქმედება არ გაუმჟღავნებია. Asia Times ვარაუდობს, რომ ვიქტორია ნულანდი სწორედ მასთან საუბრისთვის ჩავიდა კიევში და არა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად. ამერიკელ დიპლომატის მიზანია გენერალი დაამშვიდოს და დელიკატურად დაარწმუნოს წესიერად მოქცევაში. ალბათ, სწორედ ამიტომ ჯერ-ჯერობით რაიმე საჯარო განცხადება არ გაკეთებულა რაიმე შეხვედრა-მოლაპარაკებაზე. ამ საკითხზე დუმილს ინარჩუნებს როგორც კიევი, ასევე ვაშინგტონიც. „თეთრი სახლის განცხადება, რომ პრობლემა შიდა უკრაინულია და ამიტომ მასში ამერიკა არ ჩაერევაო, სრული აბსურდია – იმიტომ, რომ სწორედ ამერიკა მანიპულირებდა უკრაინას ჯერ კიდევ 2014 წლამდეც, როცა ვიქტორია ნულანდი, მუშაობდა რა სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ, 2013 წელს ხშირად ჩადიოდა კიევში და „მაიდანშიც“ იღებდა მონაწილეობას.

„საერთოდ, ობიექტურად თუ ვიტყვით, ვალერი ზალუჟნის პოსტიდან მოხსნა გასაკვირი არ უნდა იყოს. ვიღაცა ხომ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი კონტრშეტევის ჩაშლაზე და მილიარდობით დოლარის უშედეგო ხარჯვაზე? ჰოდა, საჭირო გახდა ე.წ. „განტევების ვაცის“ პოვნა და მისი წარმოჩენა უკრაინელი ხალხის წინაშე. ყველასათვის ცნობილია, თუ რა სიტუაციაა შექმნილი დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში უკრაინისათვის დახმარების გაწევის საკითხში. სრულიად ლოგიკურია, რომ დასავლეთის ყოყმანის გამო უკრაინისათვის ფრონტზე არსებული სიტუაცია უარესდება – იგრძნობა საბრძოლო მასალების მწვავე უკმარისობა, ჯარს ცოცხალი ძალა აკლია, მობილიზაციის კანონის მიღება კი „ბუქსაობს“. თავის მხრივ, რუსეთის არმია კი გააქტიურებულია, მაგალითად, ავდეევკის მიმართულებით, რომლის დაკავების შემდეგ კრემლი თავის მზერას ისევ კიევს მიაპყრობს.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპებს არღვევს, მასმედიის უფლებებს გადაჭარბებულად ზღუდავს და ამ ყველაფერს საომარი მდგომარეობით ამართლებს. ამასთან, ისიც აშკარაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვთან მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება იმ უბრალო მიზეზის გამო მანამ, სანამ ამის ნებას ვაშინგტონი არ მისცემს: თეთრი სახლის „დემოკრატიული პარტიისაგან“ დაკომპლექტებული ადმინისტრაციისათვის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე თანხმობა ხომ ნატოს პოტენციურ მარცხად და აშშ-ის ძლიერების სისუსტედ აღიქმება.

თუ რუსების შეტევა წარმატებულად განვითარდება, ეს ნიშნავს, რომ უკრაინის ამჟამინდელ მთავრობას „ჯვარი დაესმება“. ისმის ხმები, რომ უკრაინის ხელისუფლება ევაკუირებული იქნება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კერძოდ, ლვოვში, პოლონეთის საზღვართან ახლოს.

პოლონელებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებებით ლვოვის ოლქი „გადაფარონ“. რატომ დაიწყო ვარშავამ ასეთი ლაპარაკი? მიზეზი იმაში იმალება, რომ პოლონეთს, ვითომდა რუსების შეკავების მიზნით, გეგმაში აქვს უკრაინაში პოლონური ბრიგადების გაგზავნა, ნატოს სხვა ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად. დიდი ბრიტანეთში უკვე აცხადებენ, რომ აუცილებელია უკრაინაში სპეციალური რაზმის ან ე.წ. „საექსპედიციო კორპუსის“ გადასროლა. ლონდონი ამ მიზნით საზოგადოებრივ აზრს ამზადებს.
მთავრობის ევაკუაცია კიევიდან ლვოვში ამერიკას დამატებით დროს მისცემს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ ორი საბოლოო ვარიანტია მოსალოდნელი: ან ომი ნატოს წევრებთან (თავისი გლობალური აპოკალიფსური შედეგით), ან თანხმობა სტატუს-ქვოზე, რასაც, პრინციპში, კრემლიც და თეთრი სახლიც მხარს დაუჭერენ.
საბოლოო ჯამში კი ამგვარი შედეგი, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამერიკელი დემოკრატებისათვის და თვით ჯო ბაიდენისათვის სტრატეგიულ კატასტროფას ნიშნავს, რასაც თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაცია, ავღანეთიდან გამოქცევის შემდეგ, ვეღარ გადაიტანს.

რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის გააქტიურების მიზეზს, Asia Times-ის ავტორის აზრით, ლონდონი ამას ვაშინგტონის ზეწოლით აკეთებს, თორემ განა ინგლისს ამის შესაძლებლობა აქვს? ბრიტანეთის არმია დაუფინანსებელია, დაუკომპლექტებელი სამხედრო სტრუქტურაა, ის პრაქტიკულად ყველაფერში დეფიციტს განიცდის. ამგვარ სიტუაციაში მყოფი ბრიტანეთი თუ უკრაინაში საექსპედიციო კორპუსს მაინც გაგზავნის, რუსეთი მას აუცილებლად დაარტყამს. ანუ გამოდის, რომ ლონდონის ხმამაღალი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა „ფეიკური“ ინფორმაციები, ვითომდა რუსების დასაშინებლად გავრცელებული.

აშშ-ის პოლიტიკა უკრაინაში ძირითადად ეფუძნებოდა საკუთარი შესაძლებლობის გადაჭარბებულ შეფასებას, ამერიკული იარაღის ძლიერებას, აგრეთვე სასურველის სინამდვილედ წარმოჩენას. ბევრმა რუსეთის ისტორია არ იცის, ან იცის და განგებ ივიწყებს. გავიხსენოთ თუნდაც ნაპოლეონ ბონაპარტის დროინდელი მოვლენები, როცა რუსეთის არმიამ ომის პირველ ეტაპზე მოსკოვიც კი მტერს დაუტოვა, მაგრამ საბოლოოდ პარიზი დაიკავა. ანუ რუსეთის უკან არ დაიხევს.

ვიქტორია ნულანდმა თავის დროზე ნამდვილი კატასტროფის პროვოცირება მოახდინა ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციების სრული მხარდაჭერით. დღეს იმდროინდელი კატასტროფა ისევ გრძელდება. ვაშინგტონმა ევროპაში თვითონ, თავისი პოლიტიკით შექმნა ფეთქებადსაშიში ვითარება, საიდანაც გამოსვლას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯო ბაიდენი და მისი წარგზავნილი ვიქტორია ნულანდი იმით არიან დაკავებულები, რომ „ტიტანიკზე“ თავიანთ შეზლონგებს ადგილს უცვლიან. მაგრამ რა მოუვიდა საბოლოოდ „ტიტანიკს“?

წყარო