სალომე ზურაბიშვილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს – არჩილ თალაკვაძე

23
spot_img

სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს და აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენი მხარდაჭერა არის 60% და არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება შეგვიძლია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე თუ საუბრობს, ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„სალომე ზურაბიშვილმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს. „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს, რათა შემდეგ არჩევნებში მყარი უმრავლესობა მიიღოს პარლამენტში და კანონის, კონსტიტუციის შესაბამისად, დამოუკიდებლად დავაკომპლექტოთ მთავრობა. შესაბამისად, ახლა კოალიციაზე საუბარი, მით უმეტეს, პრეზიდენტის მხრიდან, რომელსაც ზეპარტიული თანამდებობა აქვს – მისი მანდატი კონსტიტუციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული – რეალობის დამახინჯებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის შიგნით კოალიციაზე თუ საუბრობს, ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგან ეს ოპოზიცია კოალიციაშიც არის, ქოლგის ქვეშაც ნამყოფია, ფანჩატურშიც იყო შეკრებილი, პარლამენტის ბოიკოტსაც ერთად ახორციელებდნენ. ასე რომ, ამ ოპოზიციას ყველანაირი კოალიცია მოსინჯული აქვს და არანაირი სხვადასხვა ძალა იქ არ არის. რეალურად, ერთი გაერთიანებაა, ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არავითარი კოალიციის მორალური უფლება არ აქვს. მით უმეტეს, ჩვენ არანაირი კოალიციას არ ვაპირებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმ ძალასთან, რომელიც რეკეტს ახორციელებდა ქვეყანაში, უხეშად არღვევდა ადამიანის უფლებებს, მედიაში აწყობდა რეიდებს და ძირს უთხრიდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ადამიანების წამებით იყო დაკავებული.სალომე ზურაბიშვილს ვთხოვ, დააკონკრეტოს და აუხსნას საზოგადოებას, ვისთან კოალიციაზე მოგვიწოდებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა არის 60% და არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტება შეგვიძლია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს“.