ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს მძიმედ წააგებს, აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც განავითარეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ლოგიკურია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მცდელობა განწირულია ფიასკოსთვის.
„მათ სხვა გზა და არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი, რესურსი არ აქვთ, ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება, ან ქუჩით. საბოლოო ჯამში, არჩევნებსაც და ქუჩასაც ერთი და იგივე რესურსი სჭირდება, ეს ხალხის მხარდაჭერაა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა განწირულია, ფიასკოსთვის, წარუმატებლობისთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, ყველაფერი შეიძლება. როგორც წინა შემთხვევაში ვერაფერი მოახერხეს, ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც ქვეყანაში არსებითად ვითარების არევა, ასე გააგრძელებენ მომავალშიც. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რათა ქვეყანაში არეულობა მოაწყონ.
ამასთან, კობახიძემ საქაღთველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება, გადადგას.
„რაც შეეხება შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთი რაღაცები აკეთა, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ის არის რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება, გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ ის პირდაპირ მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს“, – აღნიშნა კობახიძემ.