“საკმარისი ხელმოწერები არ იყო რეზოლუციისთვის, იძულებული ვიყავით, გვეთქვა, რომ ფორმალურად არ შეგვიძლია ამ ტექსტის „ევრონესტის“ ასამბლეაზე გატანა”

93
spot_img

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა რეზოლუციის დასაინიცირებლად საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო, რის გამოც რეზოლუციის ტექსტის პლენარულ სხდომაზე გატანა ვერ მოხერხდა.

„ფორმალურად, ტექსტი არ იყო ინიცირებული. წესები ძალიან მარტივია, მათ, ვისაც საკითხის ინიცირება სურთ, ათი ხელმოწერა უნდა მოაგროვონ. რამდენადაც მესმის, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა საჭირო ხმების მოგროვება ვერ შეძლო. მე ვიცი, რაც იყო პრობლემა, მაგრამ მკაცრი წესებია და როდესაც გუშინ ბიუროს დღის წესრიგში დადგა საკითხი, აღმოჩნდა, რომ საკმარისი ხელმოწერები არ იყო ასეთი რეზოლუციისთვის. ამიტომ იძულებული ვიყავით, გვეთქვა, რომ, ფორმალურად, არ შეგვიძლია ამ ტექსტის პლენარულ სხდომაზე გატანა“, – აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.

რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ვერ მოხერხდა, მოიცავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას, მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის საკითხს.