ქვეყნის რეპუტაციის დაცვას არასწორი, თუ ასეთია, ბრალდებებისგან სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯების გადადგმა მშვიდად და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვას, ხმაური მოჰყვა.
ნაცვლიშვილის თქმით, დეპუტატების მხრიდან ამ პრობლემას სჭირდება საპარლამენტო ზედამხედველობა და არა დარბაზში „ყმუილი და ღმუილი“.
„ბატონო მინისტრო, კითხვა დაისვა თქვენი მისამართით ჩემი კოლეგის მხრიდან. შესაძლოა, ამ კითხვას არ ეთანხმებოდეთ და ნამდვილად მწვავე კითხვა იყოს, იმიტომ, რომ ქვეყნის რეპუტაცია არა მგონია, რომ ვინმეს ამ დარბაზში არ აღელვებდეს, მით უმეტეს ძალიან მძიმე კონტექსტში, როგორშიც ეს კითხვები ისმება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გესმით სწორად ამ კითხვის შინაარსი. რადგან ქვეყნის რეპუტაციის დაცვას არასწორი, თუ ასეთია, ბრალდებებისგან სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯების გადადგმა მშვიდად და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო. ჩვენი მხრიდან ამას სჭირდება საპარლამენტო ზედამხედველობა და არა დარბაზში „ყმუილი“ და „ღმუილი“, რისი შემსწრეც გავხდით“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
გარდა ამისა, დეპუტატმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომ პარლამენტის რეგლამენტის 90-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მას არ აქვს უფლება, რომ კომენტარი გააკეთოს დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
„ბატონო შალვა, კიდევ ერთხელ მინდა, ვიცი, რომ კიდევ ბევრჯერ დაარღვევთ, სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ხართ, მაგრამ საზოგადოებისთვის განვმარტო, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 90-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გააკეთოთ კომენტარი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.