სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ

38
spot_img

სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

უქმდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან. შესაბამისად, უქმდება ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებაზე დადგენილი ჯარიმა, რომლის ოდენობაც 500 ლარია.

ეს ერთ-ერთი ცვლილებაა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებათა შორის, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კანონიდან ამოდის მუხლი, რომლის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს და ანტიკორუფციულ ბიუროს შესაბამისი ცნობა წარუდგინოს, რა დოკუმენტიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონით საჯაროა და ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: – ანრი ოხანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, გურამ მაჭარაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.