“საგარეო საქმეთა მინისტრი მაღალი დონის წარმომადგენლობაა” – არჩილ თალაკვაძე

81
spot_img

ილია დარჩიაშვილის მონაწილეობა მაღალი დონის წარმომადგენლობაა საქართველოდან – თუ გინდათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დააკნინოთ მაშინ, როდესაც ოპოზიციიდან ვიღაც უსტატუსო ჟურნალისტები თუ პოლიტიკურ პარტიებს ამოფარებული ადამიანები მიგაჩნიათ ჯერ კიდევ პრეზიდენტებად ან მსოფლიო ლიდერებად, ეს ორმაგი სტანდარტია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით განუცხადა და უპასუხა კრიტიკას, რატომ წარმოადგენს საქართველოს სამიტზე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რაც საქართველოს სამიტზე და ნატო-ში მიაქვს, ხოლო რაც იქიდან მოაქვს, ეს ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„დღეს რომ უკრაინაზე საუბრობენ და იმ კონტექსტზე, რაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკავშირდება, ამას ლოგიკური ახსნა აქვს – უკრაინა უმძიმეს ომშია და არაა გასაკვირი, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში და ყურადღების ქვეშ უკრაინაა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამწევი ქვეყნები. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს – თუ პოლიტიკურ ისტორიას გადახედავთ, ნახავთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს ძალიან ბევრ და ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე აქვთ ხელი მოწერილი და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან შეთანხმებაზე აქვთ ხელი ჩამორთმეული პარტნიორებისთვის. შეურაცხმყოფელია საკუთარი ქვეყნის მიმართ, როდესაც გგონიათ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი თითქოს დაბალი დონის წარმომადგენელია საკუთარი ქვეყნის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, ნატო-ს ანგარიშებში და ოფიციალურ განცხადებებში დადასტურებულია, რომ საქართველო თავსებადია ნატო-ს მოთხოვნებთან და რომ საქართველო მზადაა გაწევრიანებისთვის.

„სტატუს-კვო ისაა, რომ საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში გაწევრიანებისთვის და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, რომელსაც საქართველო იმსახურებს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იცით, ნატო-ს თითოეულ გადაწყვეტილებას და გაფართოებაზე თითოეულ პოლიტიკურ ნაბიჯს რამხელა საერთაშორისო ძვრები და ტექტონიკური ცვლილებები მოჰყვება ხოლმე. ამიტომ, ვინც ზედაპირულად განიხილავს ამ საკითხს და ნიშნის მოგებით საუბრობს საქართველოზე, ან ზედაპირული წარმოდგენა აქვს ნატო-სა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე ან აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ როგორმე საქართველოს იმიჯი დააზიანონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.