,,საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს”- NDI

11
spot_img

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები არ შეესაბამება OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და, შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა. დოკუემნტის თანახმად, ეს ყოველივე, საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ მაღალ ბარიერთან ერთად, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს.

„საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები, მათ შორის ის ცვლილებები, რომლებიც მესამე მოსმენით იქნა მიღებული 2024 წლის 20 თებერვალს, როდესაც დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა, არ შეესაბამება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და, შესაძლოა, კიდევ უფრო შეამციროს ნდობა ცესკოს მიმართ. მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ცესკოს შემადგენლობისა და წევრების არჩევის პროცესმა. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში კონსენსუსის უზრუნველსაყოფად, 19 აპრილის შეთანხმებით, რეკომენდებული იყო ცვლილებების განხორციელება ცესკოს წევრების დანიშვნის პროცესში, რათა კონსენსუსის საფუძველზე, პარლამენტის ორი მესამედის მხარდაჭერით მომხდარიყო ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ხუთი წლის ვადით არჩევა. არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარე 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. ამ დროიდანარცერთ დასახელებულ კანდიდატს არ მიუღია ხმების ორი მესამედი და შედეგად, საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, კალანდარიშვილი ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახალი თავმჯდომარის არჩევამდე. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ცესკოს წევრების დასახელების უფლებამოსილება პრეზიდენტიდან პარლამენტის თავმჯდომარეზე გადავიდა და არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობაც რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა შეამცირა საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედიდან უბრალო უმრავლესობამდე და საბოლოოდ, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის მხარდაჭერაა საჭირო თავმჯდომარის და პროფესიული წევრების 5 წლის ვადით ასარჩევად. რაც ყველაზე საყურადღებოა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ცესკოს ოპოზიციური პარტიებიდან დანიშნულ წევრს ეკავა. ეს ყოველივე, საპარლამენტო არჩევნებისთვის განსაზღვრულ მაღალ ბარიერთან ერთად, ამცირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისა და ცესკოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა. აღნიშნული არჩევნები არის საქართველოსთვის პირველი არჩევნები ევროკავშირის წევრობი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ; ამასთანავე, პირველად გაიმართება არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, რომელიც საპარლამენტო მანდატების პროპორციული წარმომადგენლობით გადანაწილებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს. არჩევნების დღეს, ასევე ფართოდ იქნება გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები. დელეგაცია მიზნად ისახავდა საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, აგრეთვე უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნების პროგრამების დირექტორი.