,,პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საკითხებს, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს”- NDI

24
spot_img

პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი ,- ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში.

ანგარიშის თანახმად, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს.

„ბოლო წლებში ქართულ პოლიტიკას უნდობლობა, პარტიების მმართველ წრეებში არსებული, პერსონალიებზე დაფუძნებული პოლარიზაცია და პოლიტიკური ოპონენტების დემონიზების შემთხვევები ახასიათებს. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ სურვილი გვერდით გადადონ პიროვნული განსხვავებები და კონსტრუქციულად, ერთიანი ძალებით უპასუხონ არსებულ გამოწვევებს.

შედეგად, არ ხდება მოსახლეობის უფლებებსა და საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება. ეს არჩევნები ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, დაადასტურონ, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, საქართველო გამჭვირვალე და პლურალისტური დემოკრატიის გზაზე წინსვლას აგრძელებს.

ყველა პარტიას და განსაკუთრებით, მმართველ გუნდს, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება არჩევნების წარმართვასა და პროცესისადმი მოქალაქეთა ნდობის გამყარებაში. შესაბამისად, წინასაარჩევნო პროცესებში პარტიების კონსტრუქციული ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

კონკრეტულ პიროვნებებზე ფოკუსირებული პოლიტიკის და მზარდი პოლარიზაციის შედეგად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ამასთან, პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ნაკლებად არის წარმოდგენილი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც დელეგაციას შეხვდა, გამოხატა სურვილი, საარჩევნო კამპანია საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აწარმოოს. ამისათვის, საჭიროა ერთიანი ძალისხმევით შეიცვალოს კამპანიის წარმოების ისეთი პრაქტიკა, როდესაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების უგულებელყოფა ხდებოდა.

ასეთ საკითხებზე პარტიებს შორის საჯარო დისკუსიები დღემდე თითქმის არ გამართულა. შედეგად, მოქალაქეებს უჭირთ ისეთი პარტიის იდენტიფიცირება, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. NDI-ის მიერ 2023 წლის ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 62 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს. უმეტესობა არ ასახავს მოქალაქეთა იდეოლოგიურ და პოლიტიკურ შეხედულებებს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები გამოთქვამენ მოქალაქეთა ინტერესების უკეთ საპასუხოდ გაერთიანების სურვილს, მცირეა ძალაუფლების ინდივიდუალური ინტერესების გვერდზე გადადების ნება. NDI-ის სადამკვირვებლო მისია დააკვირდება წინასაარჩევნო პერიოდს და იმედოვნებს, რომ პარტიები აწარმოებენ საკითხებზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კამპანიებს და თავს შეიკავებენ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისა და პერსონალური თავდასხმებისგან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანგარიში მომზადებულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა. აღნიშნული არჩევნები არის საქართველოსთვის პირველი არჩევნები ევროკავშირის წევრობი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ; ამასთანავე, პირველად გაიმართება არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, რომელიც საპარლამენტო მანდატების პროპორციული წარმომადგენლობით გადანაწილებასა და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს. არჩევნების დღეს, ასევე ფართოდ იქნება გამოყენებული ახალი ტექნოლოგიები. დელეგაცია მიზნად ისახავდა საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, აგრეთვე უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავებასა და საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

დელეგაციის წევრები იყვნენ: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუშა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) არჩევნების პროგრამების დირექტორი.