რუსულმა ჯარმა 36 საავიაციო და 17 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დარტყმა განახორციელა – ომის 489-ე დღე

65
spot_img

ომის 489-ე დღეს, უკრაინის გენშტაბი რუსეთის ფედერაციის დანაკარგების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, რუსული ჯარის პირადი შემადგენლობის კონცენტრაციის რაიონებზე 6 დარტყმა განხორციელდა.

პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სარაკეტო ჯარების და არტილერიის ქვედანაყოფებმა რუსული მხარის მართვის პუნქტი და 10 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურა. ამასთანავე, რუსულმა ჯარმა 36 საავიაციო და 17 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან დარტყმა განახორციელა.

„ფრონტის ხაზი დღეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე გადის. ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს წინსვლას ყველა მიმართულებით და ეს ბედნიერი დღეა. ჩვენს ბიჭებს ბევრ ასეთ დღეს ვუსურვებ. მოვინახულე ჰორტიცას ბრიგადა, რომელმაც თავი გამოიჩინა ბახმუტისთვის ბრძოლაში. ასევე შევხვდი საზღვაო ქვეითებს. მადლობა უკრაინის ყველა დამცველს სიმამაცისა და გმირობისთვის. მადლობა მათ, ვინც ახლა იბრძვის, და მათაც, ვინც საბრძოლველად ემზადებიან, ჯარისკაცებს წვრთნიან და მიღებული ჭრილობების გამო მკურნალობენ. გმადლობთ! მე ვამაყობ თქვენით! დიდება თქვენ, ჩვენო გმირებო! და მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

გასულ ღამეს, რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ინფორმაციას The Guardian-ი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის სერგეი ლისაკის ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსულმა ჯარმა მძიმე არტილერიით ნიკოპოლი დაბომბა. განადგურებულია კერძო საწარმო. დაღუპულია საწარმოს ორი თანამშრომელი, ერთი ადამიანი დაშავდა“ , – აცხადებს ოლქის გუბერნატორი.